საქართველოს პროკურატურა ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე ევროჯასტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა. უწყების ცნობით, დანაშაულებრივი თაღლითური ქსელი, რომელიც სავარაუდოდ მოქმედებდა 2019-2021 წლების პერიოდში, სოციალურ მედიაში და სხვა საჯარო სივრცეში განთავსებული რეკლამებისა და ე.წ ქოლ-ცენტრებს გამოყენებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ინვესტიციების მოზიდვას, სანაცვლოდ კი მაღალ სარგებელს ჰპირდებოდა. მოგვიანებით, დაზარალებულები გაწეულ ინვესტიციებს კარგავდნენ, რომელიც დამნაშავეთა საბანკო ანგარიშებზე ნაწილდებოდა. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებები, მხარეთა შეთანხმებით ერთდროულად ჩატარდა რამდენიმე ქვეყანაში რის შედეგადაც დააკავეს შესაძლო დანაშაულში მონაწილე 5 პირი. უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურა ევროჯასთის მხარდაჭერით ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად არაერთი წელია აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და სხვა მრავალი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან.