ჩვენ ვეუბნებით საქართველოს ხელისუფლებას, რომ არის ცნობები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ და ისინი შემაშფოთებელია, - ასე ეხმაურება გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ყოველთვის უნდა ახსოვდეს თავისი პასუხისმგებლობა, გაუწიოს ადეკვატური სამედიცინო დახმარება პატიმრობაში მყოფ პირს.
„ჩვენ ვეუბნებით საქართველოს ხელისუფლებას, რომ არის ცნობები მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ და ისინი შემაშფოთებელია. ის არის ადამიანი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პირი და ის იმყოფება სახელმწიფოს პატიმრობაში, მაგრამ ის ასევე, ყოფილი პრეზიდენტია. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, ყოველთვის ახსოვდეს თავისი პასუხისმგებლობა, გაუწიოს ადეკვატური სამედიცინო დახმარება პატიმრობაში მყოფ პირს. ეს ადამიანის უფლებაა. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იმყოფება პატიმრობაში, აქვს ეს უფლება. მთავრობის პასუხისმგებლობაა ამის უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ჩვენ ვამბობთ, რომ მოგვმართონ თუ რაიმე სახით შეგვიძლია დახმარება. ჩვენ გვსურს დახმარება. ასე ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით“, - აცხადებს გერმანიის ელჩი.