თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ "სპარში", გუშინ, გვიან ღამით მომხდარი თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. პოლიცია გამოძიებას ხულიგნობის მუხლით ატარებს. გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ახალგაზრდა კაცმა რომელიც, სავარაუდოდ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო, ჯერ მოლარე ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მაღაზიაში მყოფ მომხმარებლებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. დააზიანა მაღაზიის ინვენტარი და ჩაამსხვრია მინები.