პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ეჭვმიტანილი პირი, 21 წლის ჯეკ ტეიშეირა მასაჩუსეტსის სასამართლოში დღეს წარდგება.
აშშ-ის გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის განცხადებით, აღნიშნული პირის დაპატიმრება განხორციელდა ეროვნული თავდაცვის საიდუმლო ინფორმაციის სავარაუდო არასანქცირებული ამოღების, შენახვისა და გადაცემის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.
პენტაგონის პრესსპიკერის, პატრიკ რაიდერის განცხადებით, საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა განზრახ ჩადენილი, დანაშაულებრივი ქმედებაა.
შეგახსენებთ, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ეჭვმიტანილი გუშინ დააკავა.
მედიის ინფორმაციით, დაკავებული მასაჩუსეტსის ეროვნული საჰაერო გვარდიის სადაზვერვო ფრთის 21-წლის სამხედრო მოსამსახურე, ჯეკ ტეიშეირაა. სოცქსელებში ტეიშეირას სახლთან სპეცოპერაციის დროს გადაღებული ფოტო მასალაც ვრცელდება.