სამხრეთამერიკულ ტურნეზე მყოფი "შავი ლომი" 14 აპრილს, საქართველოს დროით 22 საათზე მეორე ამხანაგურ თამაშს გამართავს. მონტევიდეოში, "ჩარუას" სტადიონზე ამჯერად მისი მეტოქე ჩილეს "სელკნამი" იქნება, რომლის 90% პრაქტიკულად ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს წარმოადგენს.
"სელკნამი" სამხრეთ ამერიკის სუპერლიგაში პირველივე გათამაშებიდან ჩაერთო, 2021 წელს რეგულარული ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა და ნახევარფინალში ურუგვაის "პენიაროლთან" ანგარიშით 14:17 დამარცხდა. შარშან ჩილელებმა მეორე ადგილი დაიკავეს, ნახევარფინალში კი არგენტინის "ხაგუარესს" 16:10 მოუგეს და ფინალში გავიდნენ, იქ კი კვლავ "პენიაროლთან" დამარცხდნენ ანგარიშით 13:24.
შერკინების პირველ ხაზში, მარცხენა ბურჯი კვლავ დავით აბდუშელიშვილი იქნერბა. კვაჭის პოზიციაზე შალვა მამუკაშვილი გამოჩნდა, ხოლო მარჯვენა ბურჯი ნიკა ხატიაშვილია. მეორე ხაზში ბრუნდება ნოდარ ჭეიშვილი და მისი მეწყვილე მიხეილ ბაბუნაშვილი იქნება. უცვლელია მესამე ხაზი – მიხეილ გაჩეჩილაძე, სანდრო მამამთავრიშვილი და ლუკა ივანიშვილი.
რადგან მატჩი ამხანაგურია, განაცხადში ნორმაზე სამით მეტი, 26 მოთამაშეა. შერკინების ხაზში თენგიზ ზამთარაძეს, გოგა ქადარიას, გიორგი ჩხარტიშვილს, თორნიკე აქუბარდიას, ნიკო აფციაურს და გრიგორ ქერდიყოშვილს ვიხილავთ. ხაზში შეცვლაზე გიორგი მარგალიტაძე, ლუკა მატკავა, მირიან მოდებაძე, ლაშა ხმალაძე და ოთარ ლაშხი შევლენ.