ევროპალიგასა და კონფერენსლიგაზე მეოთხედფინალის პირველი შეხვედრები გაიმართა. 8 წყვილიდან ინტრიგა მხოლოდ ერთში აღარაა, დანარჩენი მატჩები კი საინტერესო უნდა გამოვიდეს.როტერდამის „ფეიენოორდმა“ „რომას“ ანგარიშით 1:0 მოუგო. რომაელთა კაპიტანმა, ლორენცო პელეგრინიმ პირველ ტაიმში პენალტი ვერ გაიტანა, როტერდამელებმა კი მატს ვიფერის ლამაზი გოლით მოიგეს. მოურინიოს ამ მატჩში დიდი პრობლემები შეექმნა. პაოლო დიბალამ და ტამი აბრაჰამმა ტრავმების გამო შეხვედრა ვერ გააგრძელეს.
ტურინის „იუვენტუსმა“ ლისაბონის „სპორტინგს“ ფედერიკო გატის გოლით მოუგო. ლისაბონელები ტურინში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლეს. ამით ტურინელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და ლისაბონში ნახევარფინალური საგზურის მოპოვებას ეცდებიან.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ ესპანურ „სევილიას“ უმასპინძლა. „წითელი ეშმაკები“ მარსელ ზაბიცერის დუბლით 21 წუთში 2:0-ს იგებდნენ, თუმცა ბოლო 10 წუთში იუნაიტედის მცველებმა ორი ავტოგოლი გაიტანეს და შეხვედრა ანგარიშით 2:2 დასრულდა. თავდაპირველად, 84-ე წუთზე საკუთარ კარში მალასიამ გაიტანა. შემდეგი ავტოგოლი ჰარი მაგუაირის ანგარიშზეა - ენ-ნესირის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი სწორედ ინგლისელს მოხვდა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარის ბადეში გაეხვია. 92-ე წუთზე ჰარიმ ანგარიში გაათანაბრა და სევილიამ არ წააგო.
სამწუხაროდ, ნიკა კვეკვესკირის „ლეხი“ „ფიორენტინასთან“ საკუთარ მოედანზე ანგარიშით 1:4 განადგურდა. ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა ის 75-ე წუთზე შეცვალა. ლეხს მომდევნო ეტაპზე გასვლის ძალიან მცირე შანსი აქვს.
კონფერენსლიგაზე „ანდერლეხტმა“ „ალკმაარს“ ანგარიშით 2:0 სძლია, „ბაზელისა“ და „ნიცას“ მატჩი 2:2 დასრულდა, ხოლო „გენტმა“ და “ვესტ ჰემმა“ ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშეს. საპასუხო მატჩები ერთ კვირაში გაიმართება.