აღდგომა საქართველოში, ისევე, როგორც მთელს ქრისტიანულ სამყაროში, უდიდესი დღესასწაულია. ამ დღეს აღვნიშნავთ ქრისტეს მკვდრეთით არდგომას, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას, განახლებას. აღდგომა უმთავრესია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის და იგი გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას აღინიშნება, იუდეველთა პასექის დასრულების შემდეგ, კვირა დღეს .ეს დღე ყოველ წელს, ახალი სტილით, 4 აპრილიდან - 8 მაისამდე შუალედში ხვდება.
წითელ პარასკევს ყველა ოჯახში კვერცხებს წითლად ღებავენ, რაც ქრისტეს ვნების სიმბოლოა. სააღდგომო კვერცხებს აღდგომის დღემდე არავინ მიირთმევს. აღდგომის წინა დღეებში აცხობენ ასევე სააღდგომო პასკას. ბოლო წლებში სააღდგომო ტრადიციის აუცილებელ ატრიბუტად იქცა მომცრო ჭურჭელში ჯეჯილის გაზრდა, რაც სიცოცხლესა და განახლებას უკავშირდება.
საბერძნეთი მართლმადიდებლური ქვეყანაა, ამიტომ აქ დაახლოებით ისეთივე ტრადიციებია, როგორიც საქართველოში. სააღდგომო კვერცხებს ღებავენ და შაბათ საღამომდე ინახავენ. მორწმუნეები აღდგომის წინა საღამოს ტაძარში ლოცვაზე ანთებული თეთრი სანთლებით მიდიან, შუაღამეს სანთლებს ყველა აქრობს. ანთებული სანთლები ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.
ბერძენთა სააღდგომო სუფრა ბუნებაში იმართება. აქ აუცილებლად იხსენება რეცინა ანუ წინა წლის მოსავლის პირველი ღვინო და წვავენ პატარა ბატკნებს. განსაკუთრებულ მხიარულ გარემოს ქმნის ბერძნული სიმღერები და ცეკვა, რომელიც დილამდე გრძელდება. აღდგომა აქ მთელი კვირის განმავლობაში აღინიშნება და ამ პერიოდში ყველა ისვენებს.
საფრანგეთში ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით ზარებს არ რეკავენ. სიმბოლურად ეს იესოს წამებისა და სიკვდილის მწუხარების გამოხატულებაა. როგორც კი დაიწყება ზარების რეკვა ერთმანეთს ულოცავენ ქრისტეს აღდგომას, შემდეგ კი ტრადიციულად ერთმანეთს შეღებილ კვერცხებს ჩუქნიან . აქ ძირითადად წითელ, ყვითელ და მწვანე ფერებში იღებება კვერცხი.
იტალიაში აცხობენ სააღდგომო ტორტს, მარილიან ღვეზელს ისპანახითა და მოხარშული კვერცხებით, რომელსაც ეკლესიის გუმბათის ფორმა აქვს. ასევე იტალიურ კულიჩს, პანეტონეს, რომელსაც ქიშმიშითა და ნუშით რთავენ. ისინი ვნების პარასკევს ქუჩაში ჯვრებითა და სანთლებით ხელში აწყობენ მსვლელობას ვატიკანიდან კოლიზეუმამდე და ერთმანეთს გზას უნათებენ.
გერმანიაში თავდაპირველად ძველი გერმანელები ამ დღეს გაზაფხულის ბუნიაობას აღნიშნავდნენ და გაზაფხულისა და ნაყოფიერების ქალღმერთს ადიდებდნენ. მოგვიანებით ეს წარმართული ტრადიცია ქრისტეს აღდგომასთან გაერთიანდა
ისინი აღდგომის კვირამდე, შაბათს სააღდგომო კოცონს ანთებენ, ეს სიმბოლურად ყველა უარყოფითი ენერგიისა და გრძნობის მოშორებად ითვლება. კვერცხს ადრე სიცოცხლისა და ნაყოფიერების მნიშვნელობა თუ ჰქონდა, ახლა ახალი სიცოცხლისა და ახალი აღთქმის სიმბოლოდ იქცა. აქ კვერცხებს ძირითადად წითლად ღებავენ. გერმანული აღდგომის ტრადიციული პერსონაჟი კურდღელია, რომელიც ძველგერმანულ კულტს უკავშირდება და ხალხური თქმულების მიხედვით, საარდგომო კვერცხები მოაქვს.
პოლონეთში აღდგომის დღესა და ორშაბათს ზეიმობენ. ადგომა დღე ტრადიციული მესით იწყება, ამის შემდეგ კი ყველა ოჯახში სუფრა იშლება, სადაც ოჯახის ყველა წევრი იკრიბება. საუზმეზე ნაკურთხ პასკას, კვერცხებს, მდოგვს, ხორცსა და ძეხვს მიირთმევენ.
მეორე დღეს „სველი ორშაბათი“ თენდება, პოლონელები ამ დღეს ერთმანეთს წყლით ასველებენ, სჯერათ რომ ეს რიტუალი მათ მოიტანს ხვავს, წარმატებასა და ბედნიერებას,ტრადიციის მიხედვით ის ქალბატონი,რომელიც არ დასველდება , შემდეგ წელს ვერ დაოჯახდება.
რუმინეთში დიდი ხუთშაბათიდან დასვენებაა და მზადება იწყება აღდგომის დღესასწაულისთვის. აცხობენ კულიჩებს, ღებავენ კვერცხებს. პასკას ჯვრით რთავენ და ნაწნავის ფორმას აძლევენ. ჯვრის ოთხივე მხარეს ხაჭოს დებენ. ტრადიციის მიხედვით რუმინელები ბატკანსაც წვავენ და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სააღდგომო სუფრაზე მას.
აღდგომა ქრისტიანულ კალენდარზე დღემდე რჩება მორწმუნეთათვის დიდ დღესასწაულად, რომელსაც თან ახლავს გლოვა, თუმცა ყველა ელოდება კვირა დღეს, რათა გლოვა ბედნიერებამ ჩანაცვლოს და ერთად იზეიმონ იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა, რათა კიდევ ერთხელ იგრძნონ ძალა მაცხოვრისა, შეძახილებით მიულოცნ ერთმანეთს და მისალმება რამდენიმე დღით ჩაანაცვლონ ფრაზით „ქრისტე აღსდგა“.“, რომელიც გადმოცემს დიდ სიყვარულსა და პატივისცემას უფლის მიმართ.