სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი გადაიდო. ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი სიტყვით უნდა გამოსულიყო ევროპარლამენტის წინაშე. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვიზიტის გადადების მიზეზად საქართველოს მთავრობის მხრიდან "ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის" მიღების პროცესს ასახელებს. პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, ევროპარლამენტში გამოსვლის "სათანადო დრო" ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული.
ამ ინფორმაციას ეხმაურება მთავრობის ადმინისტრაცია და აცხადებს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა ვიზიტზე თანხმობის გაცემის პროცესი, არის მცდარი. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა სიტყვიერი თანხმობა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში მიიღო.