კოკა-კოლას მაგივრად რუსეთში ქულ-კოლას წარმოება რომ დაიწყეს, ეგ ამბავი ხომ გახსოვთ? ამჯერად ევროვიზიიდან განუსაზღვრელი ვადით მიბრძანებულ ქვეყანაში ამ კონკურსის ანალოგის შექმნა მოიწადინეს.
ინიციატივის ავტორი დუმის დეპუტატი სერგეი კოლუნოვი გახლავთ. რუსულ სააგენტო Podmoskovye Segodnya-სთან მან მკაფიოდ ჩამოაყალიბა ევროვიზიის ანალოგის მისეული ხედვა, სადაც მარტო "მეგობრული ქვეყნები" არიან გათვალისწინებულნი, ხოლო სიმღერები მხოლოდ რუსულად შეიძლება შესრულდეს.
"ალტერნატივა გვჭირდება", — აცხადებს ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, — "ეს კონკურსიც ევროვიზიის მსგავსად საერთაშორისო უნდა იყოს, მაგრამ მხოლოდ მეგობრულმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა".
ინიციატივის მიხედვით, ასეთ ქვეყნებში დსთ-ის წევრი სახელმწიფოები მოიაზრებიან. ამასთან, იგეგმება საბავშვო ევროვიზიის ანალოგის შექმნაც.
კოლუნოვის იდეას მხარი დაუჭირა რუსმა მომღერალმა იური ლოზამ, ოღონდ დასძინა, მთლად ზუსტი ანალოგის შექმნა არ ივარგებს, რადგან ევროვიზიაზე "პლუს-ფონოგრამაზე" მღერიანო.
რუსეთი ევროვიზიის კონკურსიდან გასულ წელს, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ მოიხსნა. ამას წინ უძღოდა ევროვიზიის მონაწილე ქვეყნების მხრიდან პროტესტი, არ დაეშვათ აგრესორი სახელმწიფო საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც მშვიდობის, თანასწორობისა და ერთიანობის სიმბოლოა. ევროვიზიის არაერთი რუსი მონაწილე კი, მათ შორის დიმა ბილანი და პოლინა გაგარინა, პუტინის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერები არიან.
სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ რუსი ექსპერტი ალექსეი იაროშენკო ირწმუნებოდა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეიძლება ევროვიზიაზე ვიხილოთ და ის ამ პლატფორმას "ანტირუსული პროპაგანდისთვის" გამოიყენებსო.
რაც შეეხება წლევანდელ ევროვიზიას — რიგით 67-ე ევროფესტივალს წელს გაერთიანებული სამეფოს ქალაქი ლივერპული უმასპინძლებს 9 მაისიდან 13 მაისამდე. კონკურსზე საქართველოს ირუ წარადგენს, სიმღერით Echo