რომელი სამი რაიონია თბილისში, რომელზეც უძრავი ქონების გაყიდვების დაახლოებით ნახევარი მოდის? - 2023 წლის იანვარ-თებერვალში უძრავი ქონების გაყიდვები თბილისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ GALT & TAGGART-ის კვლევაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში დედაქალაქში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციებმა - 4 302, ხოლო ძველი ბინების - 2 316 შეადგინა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, გაყიდვების დაახლოებით ნახევარი საბურთალოს, დიდი დიღმის და სამგორის რაიონებში განხორციელდა.
ამასთან, გაყიდვების დაახლოებით ნახევარი საშუალო ზომის (50-80 კვ.მ.) ბინებზე მოდის. რაც შეეხება ფასებს, როგორც „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული, თბილისში ფასებზე ყველაზე მეტად გაძვირებული მშენებლობა მოქმედებს.
საანგარიშო პერიოდში, დედაქალაქში უძრავი ქონების ფასები დოლარში დაახლოებით 30%-ითაა გაზრდილი. კერძოდ, როგორც კვლევიდან ირკვევა, თებერვალში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასაყიდი ფასი დოლარში 29.9%-ით, ხოლო ლარში - 14.3%-ით არის გაზრდილი. თუმცა გასაყიდ ფასზე უფრო მეტად, წლიურად ქირის ფასია გაზრდილი. კერძოდ, „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევის თანახმად, ქირის ფასი დოლარში 124.7%-ით, ლარში კი - 97.7%-ით არის გაზრდილი.