საქართველოში, ბოლო 5 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 48%-ით გაიზარდა. PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვის თანახმად, 2018 წელთან შედარებით, 2022-ში შემწეობას 209 000 ადამიანით მეტი იღებდა. კვლევაში ვკითხულობთ, რომ „სოციალური მომსახურების სააგენტოს პლატფორმაზე რეგისტრირებული ოჯახებისა და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 2018 წლიდან 2019 წლამდე შემცირდა, თუმცა 2019 წლიდან 2022 წლამდე რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების კი - 47%-ით.
შესაბამისად, 2018 წლიდან 2022 წლამდე შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 439 ათასიდან 648 ათასამდე გაიზარდა (48%-ით), ხოლო გაანალიზებულ პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილმა 12%-დან 18%-მდე მოიმატა“. მიმოხილვის მიხედვით, ბოლო 5 წელში საარსებო შემწეობის პროგრამის ბიუჯეტი 358 მლნ ლარით გაიზარდა. 2018 წელს შემწეობის ხარჯები 251 მლნ ლარს შეადგენდა, 2022 წელს კი 609 მლნ ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ საარსებო შემწეობის პროგრამა მიზნად ისახავს საზოგადოების ყველაზე დაუცველი ნაწილის ძირითადი სოციალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად აუცილებელი ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას. 2018 წლიდან 2022 წლამდე, საქართველოში საშუალო თვიური საარსებო შემწეობა ერთ ოჯახზე 163 ლარიდან 256 ლარამდე გაიზარდა, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი - 292 ლარიდან 314 ლარამდე.
მიმოხილვის მიხედვით, 2018-2022 წლებში შემწეობის მიმღები ოჯახების ყველაზე მაღალი წილი დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლში, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო თბილისში , სამცხე-ჯავახეთსა, და იმერეთში.