იოანე პავლე მეორე, რომელიც 1978 წელს ჩაუდგა სათავეში რომის კათოლიკურ ეკლესიას, არა მხოლოდ ყველაზე ახალგაზრდა, არამედ 455 წლის მანძილზე პირველი არაიტალიელი და პირველი სლავური წარმოშობის პაპი გახდა, რომელმაც 27-წლიანი პონტიფიკატის პერიოდში პოლიტიკური სიძლიერე დაუბრუნა ვატიკანს, უამრავი რეფორმა განახორციელა და მრავალგზის რეკორდსმენი გახდა.
იოანე პავლე მეორემ კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლად არჩევისთანავე დაადასტურა, რომ რადიკალურად განსხვავდებოდა წინამორბედებისგან, რადგან ჯერ კორონაციის ცერემონიაზე, მერე ტიარას მორგებაზე თქვა უარი. ამასთანავე, პაპი ყოველთვის ხაზს უსვამდა საკუთარი ტიტულის ერთ-ერთ შემადგენელს „მონას ღვთის მონებისა“, საკუთარ თავზე საუბრისას კი, არასდროს იყენებდა ნაცვალსახელს „ჩვენ“, როგორც უზენაეს მმართველებს, მათ შორის ვატიკანის სხვა მეთაურებს სჩვეოდათ.
კაროლ იოზეფ ვოიტილა 1920 წლის 18 მაისს დაიბადა კრაკოვთან ახლოს, ქალაქ ვადოვიცეში, ავსტრია-უნგრეთის არმიის ყოფილი ოფიცრის ოჯახში. მცირეწლოვან კაროლს ჯერ დედა გარდაეცვალა, მერე უფროსი ძმა, რამაც მამას ორ შვილთან ერთად კრაკოვში გადაბარგება აიძულა. მართალია, თეატრით გატაცებული კაროლი, რომელმაც 14 წლის ასაკში დრამატულ წრეში მოსინჯა შესაძლებლობები, მსახიობობაზე ოცნებობდა, მაგრამ 1938 წელს კლასიკური გიმნაზიის წარმატებით დასრულების შემდეგ, იაგელონის უნივერსიტეტში ჩააბარა ფილოსოფიის და უცხო ენების შესასწავლად, თუმცა, არც ბავშვობის გატაცება დაივიწყა და ჯერ თეატრალურ დასს „სტუდია 39“-ს შეუერთდა, სადაც საკუთარ ლექსებს კითხულობდა, მერე რიტორიკის კურსზე ჩაეწერა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გამოავლინა კაროლმა უცხო ენების შესწავლის საოცარი ნიჭიც, რადგან თავისუფლად ლაპარაკობდა 12 ენაზე.
გერმანული ოკუპაციის წლებში მომავალმა პაპმა უნივერსიტეტი დატოვა და ჯერ ქვის სამტეხლოზე, მერე ქიმიურ ქარხანაში მუშაობდა გერმანიაში დეპორტაციისგან თავის დასაღწევად. 1941 წელს კაროლს მამა გარდაეცვალა, „20 წლის ასაკში ყველა დავკარგე, ვინც მიყვარდა“, - სინანულით აღნიშნა მოგვიანებით იონე პავლე მეორემ, რომელიც სწორედ მამის გარდაცვალებამ დააფიქრა ღვთისმსახურებაზე.
1942 წელს კაროლმა კარდინალ საპეგას მიმართა და კრაკოვის სასულიერო სასწავლებელში ზოგად საგანმანათლებლო კურსზე სთხოვა ჩარიცხვა. აღსანიშნავია, რომ ომის წლებში სასწავლებელი მხოლოდ იატაკქვეშ ფუნქციონირებდა, კარდინალი კი, მოგვიანებით კაროლის პირველ მოძღვარი და მასწავლებელი გახდა.
1946 წელს, მღვდლად კურთხევის შემდეგ კაროლი რომში გაემგზავრა საღვთისმეტყველო განათლების მისაღებად, 1953 წელს პოლონეთში დაბრუნებულმა კი, იაგელონის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და საგანმანათლებლო საქმიანობას შეუდგა.
1958 წელს მამა კაროლი ეპისკოპოსად იკურთხა, 1962-1964 წლებში კი, კათოლიკური ეკლესიის XXI მსოფლიო კრების ოთხივე სესიაში მიიღო მონაწილეობა. სწორედ აქტიურობისა და გაწეული სამუშაოსთვის იკურთხა ვოიტილა 1964 წელს მთავარეპისკოპოსად, სამი წლის შემდეგ კი, სან-ჩეზარე-ინ-პალატიოს ეკლესიის მღვდელ-კარდინალი გახდა პავლე VI-ს ხელდასხმით.
1978 წელს კარდინალმა ვოიტილამ კონკლავში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც პაპი - იოანე პავლე პირველი აირჩია, თუმცა პაპი 33 დღეში გარდაიცვალა, რამაც ვატიკანს ახალი კონკლავის ორგანიზება აიძულა. კაროლ ვოიტილამ 1978 წლის 16 ოქტომბერს, 58 წლის ასაკში ჩაიბარა კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლობა და წინამორბედის პატივსაცემად შეინარჩუნა მისი სახელი.
იოანე პავლე მეორე, რომელიც მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლიდერად ითვლება, ყოველთვის თავგანწირვით იბრძოდა კომუნისტური იდეების წინააღმდეგ.
„გორნაჩოვის ვიზიტი ვატიკანში ათეისტური ჰუმანიზმის კაპიტულაციის აქტად იქცა, როგორც კაცობრიობის განვითარების ალტერნატივა“, - სწორედ ასე დაახასიათა იოანე პავლე მეორის ბიოგრაფმა ჯორჯ ვააგელმა საბჭოთა კავშირის ლიდერის 1989 წლის ვიზიტი ვატიკანში და პაპთან შეხვედრა.
კონსერვატორი იოანე პავლე მეორე ყოველთვის მკაცრად აკრიტიკებდა ლათინური ამერიკის კათოლიკეთა „თავისუფლების თეორიას“, ამიტომ არც მღვდლის ერნესტო კარდენალიას ეკლესიიდან განკვეთას მოერიდა, რომელიც ნიკარაგუას მთავრობის სოციალისტური სინდიკატის წევრი გახდა.
პაპი ყოველთვის ხმამაღლა ილაშქრებდა აბორტისა და კონტრაცეფციის საშუალებების, ჰომოსექსუალური ქორწინების და ევთანეზიის, ქალების მღვდლად კურთხევის წინააღმდეგ და მკაცრად იცავდა ცელიბატის ანუ კათოლიკურ სამღვდელოებაში დაუქორწინებლობის პრინციპებს.
მართალია, 1994 წელს ვატიკანმა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გააკრიტიკა და ოჯახის დაგეგმვის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება ჩაშალა, მაგრამ ყველას დაუმტკიცა, რომ კათოლიკური ეკლესია ჰარმონიულად ვითარდებოდა სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის პარალელურად. მეტიც, გარკვეული დათქმებით აღიარა ევოლუციის თეორია და წინააღმდეგობის გარეშე მიიღო ინტერნეტი, როგორც ინფორმაციის გავრცელების საშუალება.
პონტიფიკს, რომელსაც ხშირად ადანაშაულებდნენ ვატიკანის პოლიტიზირებაში, განსაკუთრებით სამშვიდობო მოღვაწეობას უწუნებდნენ, რადგან ფოლკლენდის კუნძულებისთვის დიდი ბრიტანეთისა და არგენტინის ომის დროს, სწორედ პაპი შეხვდა დაპირისპირებული ქვეყნის ლიდერებს და მოუწოდა მშვიდობისკენ, 1991 წელს იოანე პავლე მეორემ სპარსეთის ყურეში წარმოებული საბრძოლო მოქმედებები გააკრიტიკა, 2003 წელს კი, შეერთებული შტატების მთავრობა გაკიცხა ერაყში შეჭრისთვის.
იოანე პავლე მეორე პირველი პაპი გახდა, რომელმაც სხვა რელიგიების მიმართ გამოაცხადა შემწყნარებლობა, შერიგების სიმბოლოდ კი, 1986 წლის 27 ოქტომბერს ქალაქ ასიზიაში მოწყობილი ლოცვის მსოფლიო დღე იქცა, როცა 47 ქრისტიანული და 13 სხვა რელიგიური კონფესია ერთობლივ ლოცვაში გაერთიანდა.
1983 წელს პაპი ვატიკანის ისტორიაში პირველად ეწვია ლუთერანულ ეკლესიას რომში, მოგვიანებით ანგლიკანური ეკლესიის წინამძღოლთან კენტერბერიის არქიეპისკოპოსთან ერთად აღავლინა ლიტურგია, 2001 წელს კი, პირველმა მოინახულა საბერძნეთი ქრისტიანული ეკლესიის ორად - მართლმადიდებლურ და კათოლიკურ კონფესიებად გაყოფიდან 1054 წლის შემდეგ. სხვათა შორის, პაპმა საქართველოშიც იმოგზაურა, როცა 1999 წლის 8 ნოემბერს ესტუმრა თბილისს.
1985 წლის აგვისტოში პონტიფიკმა მაროკოში შეკრიბა 50 ათასამდე ახალგაზრდა მუსულმანი, რომელთაც მშვიდობისკენ, ხალხებისა და ადამიანების ერთობისკენ მოუწოდა. 1986 წელს პაპი ვატიკანის ისტორიაში პირველად ეწვია სინაგოგას, ოთხი წლის შემდეგ იერუსალიმში იმოგზაურა, ებრაელთა წმინდა გოდების კედელს შეეხო და ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმი „იად-ვაშემი“ დაათვალიერა, 2001 წელს კი, დამასკოში ჩავიდა და ომაიადის მეჩეთში აღავლინა მშვიდობის ლოცვა.
2000 წლის მარტში ტრადიციულ საკვირაო მესაზე წმინდა პეტრეს ტაძარში იოანე პავლე მეორემ რომის კათოლიკური ეკლესიის ნაცვლად მოინანია ჯვაროსნული ლაშქრობებისა და ინკვიზიციის დროს ჩადენილი ყველა დანაშაული. აღსანიშნავია, რომ კაცობრიობის ისტორიაში არცერთ რელიგიასა და კონფესიას არ მოუნანიებია წარსულის ცოდვები, პაპმა კი, 100-მდე დანაშაულისთვის ითხოვა პატიება - გალილეო გალილეის სიკვდილით დასჯისა და კათოლიკეების აფრიკელი მონებით ვაჭრობის, რელიგიური ომების, ბართლომეს ღამეს საფრანგეთში პროტესტანტთა მასიური განადგურებისა და ჰოლოკოსტის დროს კათოლიკეთა დუმილისა და უმოქმედობის ჩათვლით.
ამასთანავე, პაპმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში საეკლესიო განხეთქილებისა და რელიგიური ომებისთვის, ებრაელთა სიძულვილისა და ამერიკის ძალადობრივი ევანგელიზაციისთვის, სქესობრივი და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციისა და სოციალური, ეკონომიკური უსამართლობისთვის.
2001 წლის ნოემბერში პაპმა კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალური ძალადობა აღიარა, პატიება სთხოვა ე.წ. „დაკარგულ თაობას“ - ავსტრალიელ აბორიგენთა შვილებს და იმ ჩინელებს, ვინც კოლონიზაციის პერიოდში აზარალეს კათოლიკე მისიონერებმა.
იოანე პავლე მეორე, რომელმაც 200-ზე მეტი სამოციქულო და 104 საზღვარგარეთული ვიზიტი განახორციელა, ყველაზე აქტიურად მოგზაური პაპია. სხვათა შორის, 1167 ათასი კილომეტრი, რომელიც პონტიფიკმა დაფარა სამჯერ აღემატება მანძილს დედამიწიდან მთვარემდე. საერთო ჯამში პაპმა ყველა კონტინენტი და 1022 ქალაქი მოინახულა 130 ქვეყანაში.
განსაკუთრებით ინტენსიურად პაპი, რომლის მთავარ მისიას კათოლიციზმის განმტკიცება და სხვა რელიგიებთან თანამშრომლობის გამყარება წარმოადგენდა, პოლონეთს, საფრანგეთს და ესპანეთს, მექსიკას და შეერთებულ შტატებს სტუმრობდა.
აქტიური მოღვაწეობის წყალობით პაპის სიცოცხლე ბევრჯერ აღმოჩნდა საფრთხის ქვეშ. 1981 წლის 13 მაისს, წმინდა პეტრეს მოედანზე, თურქული ულტრამემარცხენე დაჯგუფების „რუხი მგლების“ წევრმა მეჰმედ ალი აგჯამ, რომელიც იტალიაში საპატიმროდან გაქცევის შემდეგ აღმოჩნდა, თავდასხმა განახორციელა იოანე პავლე მეორეზე და მუცელში დაჭრა. დანაშაულის ადგილზე დაკავებული ალი აგჯა ორი წლის შემდეგ თავად პაპმა მოინახულა ციხეში, შეხვედრის შემდეგ კი აღნიშნა, რომ „ძმასავით ესაუბრა თავდამსხმელს და შეუნდო დანაშაული“.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ვერსიით პაპზე განხორციელებულ ტერაქტში საბჭოთა სპეცსამსახური მონაწილეობდა. 1984 წელს აგჯამ ჩვენება მისცა, რომლის საფუძველზე იტალიის პროკურატურამ ბულგარეთის და თურქეთის მოქალაქეებს წაუყენა ბრალდება, თუმცა სამხილების არ არსებობის გამო აგჯას გარდა ყველა გაათავისუფლა. მართალია, საბჭოთა უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომლის, 1992 წელს ბრიტანეთში გაქცეული ვასილი მიტროხინის ინფორმაციაზე დაყრდნობით, საგამოძიებო კომისიის წევრებმა პაპზე თავდასხმის ორგანიზებაში საბჭოთა ხელისუფლებას დასდო ბრალი, მაგრამ რამდენიმე თვეში კომისია არა მხოლოდ დაიშალა, არამედ თავად იქნა დადანაშაულებული ცილისწამებაში, რაც პირველ რიგში სოციალისტი რომანო პრადოს - არჩევნებში სილვიო ბერლუსკონის მთავარი კონკურენტის წინააღმდეგ იყო მიმართული. 2005 წელს ალი აგჯიმ ახალი ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ ტერაქტის ორგანიზებაში ვატიკანელი კარდინალები მონაწილეობდნენ.
სხვათა შორის, პაპი გარდაცვალებამდე ურთიერთობდა აგჯის ოჯახთან და პირადად შეხვდა მის დედას ძმასთან ერთად. თავად მეჰმედ ალიმ დანაშაული მოინანია და რამდენჯერმე სთხოვა პონტიფიკს პატიება, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, საკუთარ სულიერ მასწავლებლად აღიარა. 2010 წელს საპატიმროდან გათავისუფლებული აგჯი, რომელიც კათოლიკედ მოინათლა, პოლონეთში გადასახლდა, რადგან ჩათვალა, რომ მხოლოდ იოანე პავლე მეორეს სამშობლოში შეძლებდა სიმშვიდის მოპოვებას.
2005 წლის 2 აპრილს პაპის გარდაცვალების შემდეგ კათოლიკურმა სამყარომ ერთხმად აღიარა, რომ იოანე პავლე მეორე მართლაც იმსახურებდა წმინდანად შერაცხვას. კათოლიციზმის პრინციპების გათვალისწინებით წმინდანი მხოლოდ ღირსეული, სათნოებით გამორჩეული სასულიერო პირი ხდება, რომლის მიერ განხორციელებული სასწაული აუცილებლად დოკუმენტურადაა დადასტურებული.
იოანე პავლე მეორე 2011 წლის პირველ მაისს შერაცხა წმინდანად პაპმა ბენედიქტ XVI-მ. აღსანიშნავია, რომ პირველი სასწაულის მოწმე ვატიკანი 1990-იან წლებში გახდა, როცა პაპმა ფრანგი მონაზონი მარი სიმონ-პიერი განკურნა პარკინსონისგან, მერე კი, სწორედ პირველ მაისს მოხდა. მართალია, წმინდანთა კანონიზაციის კონგრეგაციამ თავი შეიკავა დაკონკრეტებისა და კომენტარის გაკეთებისგან, მაგრამ არსებობს ვერსია, რომ სასწაულად კოსტა-რიკელი ქალბატონის, თავის ტვინის სიმსივნით მძიმედ დაავადებული პაციენტის გამოჯანმრთელება იქცა, რომელიც სწორედ იოანე პავლე მეორეს ლოცვით განიკურნა.