„შთამბეჭდავი ვოკალური დიაპაზონი, როლის დრამატულად ინტერპრეტირების უნარი და აუდიტორიასთან ურთიერთობის საოცარი ნიჭი“ - სწორედ ასე ახასიათებდნენ კრიტიკოსები მარია კალასს - საოპერო მუსიკის ნამდვილ ლეგენდას, რომლის მრავალფეროვანმა რეპერტუარმა კლასიკური მუსიკის პრაქტიკულად ყველა შედევრი გააერთიანა ვერდის და როსინის, ბელინისა და ვაგნერის ოპერების ჩათვლით.
მართალია, მე-20 საუკუნის უდიდესი სოპრანო საოცარ ტალანტს, უამრავ რეგალიას, უზარმაზარ ქონებას ფლობდა და ეპოქის სიმბოლოდ ითვლებოდა, მაგრამ ძალიან მძიმე ხასიათი და რთული ცხოვრება ჰქონდა, რითაც ხშირად სარგებლობდნენ სკანდალების მოყვარული ჟურნალისტები, რომლებიც მოურიდებლად სპეკულირებდნენ კალასის პირადი ცხოვრების პიკანტური დეტალებით.
მარია სოფია სესილია 1923 წელს დაიბადა ნიუ-იორკში, სადაც მისი ბერძენი მშობლები -ევანგელია და გეორგ კალოგეროპულოსები სიმდიდრის ძიებაში გადაბარგდნენ. თუმცა, ფუფუნების მოყვარული ევანგელიას მოლოდინი არ გამართლდა, რადგან ნაკლებად განათლებული გეორგი, რომელიც მხოლოდ მცირე აფთიაქს ფლობდა მანჰეტენზე ვერასდროს აკმაყოფილებდა მის კაპრიზებს.
მეუღლეებს შორის დაძაბული ურთიერთობა მარიას დაბადების შემდეგ დამძიმდა. ევანგელიამ, რომელმაც ორი წლით ადრე მენინგიტით დაკარგა მცირეწლოვანი ვასილისი, შვილის გარდაცვალებაც გეორგს დააბრალა, ამიტომ დაორსულებული მთელი გულით ნატრობდა ბიჭის დაბადებას, რადგან სწორედ მისით იმედოვნებდა სიცარიელის შევსებას, თუმცა საბოლოოდ გოგონა გაჩნდა, რომელიც ისე მოიძულა, რომ რამდენიმე დღე შეხედვაც არ უნდოდა.
იმედგაცრუებული დედა მანამდე ვერ ამჩნევდა ქალიშვილს, სანამ სამი წლის მორცხვ და შეუხედავ მარიას არაჩვეულებრივი ხმა არ აღმოაჩნდა, რაც ევანგელიასთვის სასიამოვნო სიურპრიზად და შემოსავლის ახალ წყაროდ იქცა, „მაშინ, როცა სხვა ბავშვები თამაშობდნენ და ერთობოდნენ, მე ვმუშაობდი და დედასთვის ფულს ვშოულობდი“,- გულდაწყვეტით იხსენებდა კალასი, რომელიც ყოველთვის გაურბოდა მტკივნეულ ბავშვობაზე საუბარს.
1930-იანი წლების ბოლოს, მშობლების განქორწინების შემდეგ მარია დედასთან და დასთან ერთად საბერძნეთში დაბრუნდა, სადაც ბრწყინვალე ვოკალური მონაცემების წყალობით ლეგენდარული სოპრანოს ელვირე დე იდალგოს კლასში ჩაირიცხა. სწორედ იდალგომ ასწავლა მცირეწლოვან მარიას ბალკანტოს - მე-18 საუკუნის სასიმღერო სტილის ხელოვნება, რომელიც განსაკუთრებით ემოციურ შესრულებას მოითხოვდა.
ფენომენალური შესაძლებლობების მიუხედავად, მოზარდი კალასი, რომელიც თავისუფლად ასრულებდა ურთულეს პარტიებს, მაინც თავდაუზოგავად, თითქმის 10 საათი მუშაობდა ყოველდღე, რაც მართალია, მოგვიანებით დაუფასდა, მაგრამ ძალიან ძვირი დაუჯდა.
დიდ სცენაზე კალასის დებიუტი 1941 წლის თებერვალში შედგა. მართალია, დამწყებმა მომღერალმა მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა, მაგრამ მაინც აღაფრთოვანა პუბლიკა. მაყურებლისგან განსხვავებით დაუფარავი შურით შეხვდნენ მის გამოსვლას კოლეგები, რომელთაც ნიჭიერ დებიუტანტს წარმატება არ აპატიეს და ირონიული შენიშვნებით, ქილიკითა და ცინიკური ღიმილით სცადეს მისთვის ხელის შეშლა, თუმცა ახალგაზრდა კალასმა ყველა თავდასხმას გაუძლო და ბრწყინვალე დებიუტით დაამახსოვრა თავი პუბლიკას.
კალასის პირველი სრულფასოვანი გამოსვლა ერთი წლის შემდეგ შედგა ათენის ოპერაში ტოსკას პარტიით, გარდამტეხად კი, 1949 წელი იქცა, როცა ერთ კვირაში ვოკალურად რადიკალურად განსხვავებული პარტიები შეასრულა ჯერ ვაგნერის „ვალკირიაში“, მერე ბელინის „პურიტანებში“. სწორედ მაშინ გაჩნდა ე.წ. „კალასის ფენომენი“, რადგან პრესის მიერ „ოპერის საოცრებად“ მონათლული მარია, რომელიც თითქოს ოთხ ხმას ფლობდა ერთდროულად, ბრწყინვალედ ასრულებდა როგორც ლირიულ, ისე დრამატულ და კოლორატულ პარტიებს.
1950 წელს კალასის დებიუტი „ლა სკალას“ სცენაზე შედგა. მართალია, თავიდან იტალიურმა პუბლიკამ ბერძენი სოპრანო დაიწუნა, რამაც მარიას საკუთარი უნიკალურობის კიდევ ერთხელ დამტკიცება და მოშურნეების მორიგი ხრიკების დაძლევა აიძულა, მაგრამ საბოლოოდ, არა მხოლოდ პატივისცემა, არამედ „იტალიელი პრიმადონების დედოფლის“ სახელიც დაიმსახურა. მეტიც, სწორედ მასზე მორგებით დადგეს ლეგენდარულმა რეჟისორებმა ჰერბერტ ფონ კარაიანმა, ფრანკო ძეფირელიმ და ლუკინო ვისკონტიმ საკუთარი სპექტაკლები და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ კალასთან კონკურენცია ნამდვილად არავის უღირს.
1952 წელს კალასი ლონდონური აუდიტორიის წინაშე წარსდგა. იტალიელებისგან განსხვავებით, ბრიტანელები ყოველთვის დიდ პატივს სცემდნენ სოპრანოს, რასაც თავადაც პატივისცემით პასუხობდა და არასდროს ამბობდა უარს ქოვენთ-გარდენის დადგმებში მონაწილეობაზე. მეტიც, 1965 წლის 5 ივლისს, სწორედ სამეფო თეატრში ფრანკო ძეფირელის „ტოსკაში“ შესრულებული მთავარი როლით დაასრულა სასცენო კალასმა კარიერა.
აღსანიშნავია, რომ საყვარელ საქმეზე უარის თქმა და საოპერო ხელოვნებასთან დამშვიდობება მარიას ერთის მხრივ, ხმის დაკარგვამ და განქორწინებამ, მეორეს მხრივ, არისტოტელე ონასისთან უიღბლო სიყვარულმა და სკანდალებმა, „მეტროპოლიტენ ოპერასთან“ კონტრაქტის გაწყვეტამ და, „ლა სკალადან“ წასვლამ აიძულა. მართალია, 1964 წელს სოპრანომ პარიზში, კარმენის პარტიით სცადა ძველი დიდების დაბრუნება, მაგრამ გამოსვლა სრული კრახით დასრულდა.
1969 წელს კალასმა მთავარი როლი შეასრულა იტალიელი რეჟისორის პიერ პაოლო პაზოლინის დრამაში „მედეა“. მართალია, ფილმი ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა კომერციულად, მაგრამ კრიტიკოსებმა მაინც დადებითად შეაფასეს კალსის ნამუშევარი, მით უფრო, რომ სოპრანო პირველად და უკანასკნელად გამოჩნდა კინოში და ამჯერად, არა ვოკალური, არამედ დრამატული შესაძლებლობებით აღაფრთოვანა პუბლიკა.
უკანასკნელი წლები კალასმა პარიზში, საკუთარ ბინაში ჩაკეტილმა გაატარა, რომელსაც იშვიათად და ნაკლები ხალისით ტოვებდა. მე-20 საუკუნის უდიდესი სოპრანო 1977 წელს გარდაიცვალა 53 წლის ასაკში. მართალია, კრემაციის შემდეგ ურნა ფერფლით პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაასვენეს, მაგრამ შეშლილმა თაყვანისმცემელმა მაინც მოახერხა მისი გატაცება. პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა გამტაცებელი, ურნის დაბრუნების შემდეგ კი, კალასის ფერფლი მისმა მეგობრებმა ეგეოსის ზღვაში გააფრქვიეს.