ნაპოლიმ მილანთან სტუმრად გამართული პირველი 1/4-ფინალური დაპირისპირება მინიმალური ანგარიშით წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება. “სან სიროზე" ძალიან კარგი იყო ნაპოლი, რომლის რიგებში საუკეთესო უდაოდ ხვიჩა კვარაცხელია იყო. Whoscored-მა ქართველის თამაში 7,3 ბალით შეაფასა, რაც სტუმართა რიგებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ნეაპოლელებმა თამაში თავიდანვე თამამად დაიწყეს და მიკ მანიოს კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. ძალიან აქტიური იყო ხვიჩა, რომელსაც ანგარიშის გახსნა პირველსავე წუთზე შეეძლო, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა - ახლო მანძილიდან მისი დარტყმის შემდეგ, ბურთი კარის ხაზიდან მილანელმა მცველებმა გამოიტანეს. მეორედ კვარა მილანის კარს მეათე წუთისთვის დაემუქრა, როდესაც დრიბლინგით თავის ფლანგზე ჩაიქროლა, დავიდე კალაბრია ჩამოიცილა, ბურთი ელმასთან გაითამაშა და კარშიც დაარტყა, მაგრამ სიმონ კიაერი გადაეფარა.25-ე წუთზე კი უკვე ნაპოლი გადარჩა. რაფაელ ლეაომ, რომლისთვის ხელის შეშლას ანგისა და რაჰმანი ამაოდ ცდილობდნენ, ნახევარი მოედანი გაირბინა და ალექს მერეტის კარის შორეულ კუთხეშიც დაარტყა, მაგრამ სულ მცირედით ააცილა.
მე-40 წუთზე ანგარიში მილანმა გახსნა. გოლი ისმაელ ბენასერმა გაიტანა, თუმცა მანამდე მოედნის ცენტრში ფანტასტიკურად ბრაიმ დიასმა ითამაშა, რომელმაც მარტივი მოძრაობით ორი ნეაპოლელი ფეხბურთელი ჩამოიცილა და საგოლე შეტევა განავითარა. შესვენებამდე ნაპოლი მეორე გაშვებულ გოლს გადაურჩა - სიმონ კიაერის თავურის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა და კარის ხაზთან დაეცა.
მეორე ტაიმის დასაწყისიც ნაპოლის იყო, მილანის კართან პირველი სახიფათო მომენტი კი ისევ ხვიჩამ შექმნა, რომლის ჩაწოდების შემდეგ თავით ელმასმა დაარტყა. მანიომ ბურთი კუთხურზე გაჭირვებით მოიგერია. სპალეტიმ შეცვლებს მიმართა - მოედანზე ჯაკომო რასპადორი შეუშვა. მაგრამ ნაპოლის თავკაცის გეგმები ზამბო ანგისამ არია, რომელმაც დროის მოკლე მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და სტუმრები კაცნაკლულები დატოვა.
სპალეტიმ 83-ე წუთისთვის სხვებთან ერთად, ხვიჩაც დაასვენა, რადგან დარჩენილ დროში სტუმართა თავკაცისთვის მთავარი ამოცანა გოლის არგაშვება იყო. თუმცა, ბოლო წუთებზე გატანის მაგარი შანსი ჯერ ჯოვანი დი ლორენცოს, შემდეგ კი მატიას ოლივერას ჰქონდა...
მილანმა პირველი თამაში მინიმალური ანგარიშით მოიგო და ამ დუელში ყველაფერს საპასუხო მატჩი გაარკვევს, რომელშიც სპალეტის გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ანგისასთან ერთად ვერც კიმ მინ-ჯაე დაეხმარება. ნაპოლის "მარადონაზე" მძიმე ბრძოლა ელის, მაგრამ უშანსოდ ნამდვილად არ იქნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი იქამდე მწყობრში ჩადგომას ვიქტორ ოსიმენი მოახერხებს.