ჩრდილოეთ ირლანდიაში ვიზიტის პირველ დღეს, აშშ-ის პრეზიდენტსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს შორის შეხვედრა შედგა. ლიდერებმა არსებულ გამოწვევებზე, ჩრდილოეთ ირლანდიაში ინვესტიციებზე, ასევე საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩრდილოეთ ირლანდიაში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ვიზიტი „დიდი პარასკევის“ შეთანხმების 25 წლის იუბილეს უკავშირდება, რომელმაც ჩრდილოეთ ირლანდიაში 30-წლიანი კონფლიქტის დასრულებას შეუწყო ხელი. ბაიდენის განცხადებით, აშშ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად ნაკისრი ვალდებულების შესრულება გააგრძელოს.