პაციენტის მხრიდან, სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი წესდება. მთავრობა ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება პაციენტების ინტერესების გათვალისწინებითა და მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით იქნა მიღებული. კერძოდ: საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი იქნება - 10%, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა; 0-5 წლ. ბავშვების, შშმ ბავშვების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის - 20%, - არა უმეტეს 1000 ლარისა; აგრეთვე საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის - 30%, - არა უმეტეს 1500 ლარისა. იხსნება საბაზისო პაკეტის ფარგლებში არსებული ფრანჩიზა 500 და 1000 ლარი. ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ რამდენად ძვირიც არ უნდა იყოს მომსახურება, მოქალაქე მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რაც ზედა ჭერის ფარგლებშია დაწესებული.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია "ნიუ ჰოსპიტალის" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, "ევროპული საქართველოს" წევრი ვახტანგ კალოიანი