შესაძლოა თუ არა, რომ საქართველოში საპენსიო ასაკი გაიზარდოს? ეს შეკითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტმა კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ქართულ საპენსიო რეფორმას ეხება. საქართველოში საპენსიო ასაკი 65 წელია, თუმცა ქალებს პენსიაზე გასვლა 60 წლიდან შეუძლიათ. კვლევაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში 2012-2022 წლებში პენსიის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა 18%-ით (125 400 ადამიანით), მაშინ როდესაც ამავე პერიოდში ქვეყნის მოსახლეობა შემცირდა 50 ათას 700 ადამიანით, რაც მოსახლეობის 1%-იანი შემცირებაა. აქვე მოყვანილია დაგროვებითი პენსიის კანონის განმარტებითი ბარათის მონაცემები, რომლის თანახმადაც 2030 წლისთვის პენსიის და სოციალური დახმარების მიმღებთა საერთო რაოდენობა 1.1 მლნ.-ს მიაღწევს. 2060 წლისათვის კი, ასაკით პენსიონერთა ხარჯები საბიუჯეტო შემოსავლების დაახლოებით 30% იქნება, რაც სოციალური საპენსიო სისტემის მდგრადობას ეჭვქვეშ აყენებს. აქვე ვკითხულობთ, რომ მსოფლიოს არაერთი ქვეყანა პენსიონერების ზრდასთან ერთად საპენსიო ასაკსაც ზრდის, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში საქართველოშიც დადგეს.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე