გამოცემა Politico სოციალურ ქსელებში აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებას ეხმაურება. მათივე ცნობით, უკრაინის ომისა და სხვა გლობალური საკითხების შესახებ გრიფით საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცდილობენ იმედგაცრუებული და დაბნეული მოკავშირეები დაამშვიდონ.
გამოცემა ინფორმირებულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გაჟონვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, დაზვერვის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის მაღალჩინოსნები დაუკავშირდნენ თავიანთ კოლეგებს, რათა დოკუმენტების გამოქვეყნებით გამოწვეული ვნებათაღელვა ჩაეხშოთ.
მედიის ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტები უკრაინაში მიმდინარე ომის, რუსეთის სამხედრო მოქმედებების, ჩინეთისა და ახლო აღმოსავლეთის და სხვა საკითხების შესახებ სენსიტიურ, საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს.