სახალხო დამცველის აპარატმა თანასწორობის მდგომარეობის შესახებ მე-8 ყოველწლიური ანგარიში მოამზადა. ანგარიში მიმოიხილავს 2022 წლის განმავლობაში თანასწორობის უფლებების რეალიზაციის მხრივ არსებულ დაბრკოლებებს, რომელსაც ქალები, შშმ პირები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ლგბტ+ თემის წევრები და სხვა ჯგუფები აწყდებოდნენ. ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 153 ფაქტი შეისწავლა, მათგან ყველაზე მეტი- 20% განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევას შეეხებოდა.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, სქესის/გენდერის და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე განმცხადებელთა 13-13% მიუთითებდა. ომბუდსმენის განმარტებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით -11%, ხოლო ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე დისკრიმინაციაზე განმცხადებელთა 10% დავობდა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რელიგიისა და პროფესიული კავშირის წევრობის გამო, სავარაუდო დისკრიმინაცია ვლინდებოდა მომართვების 2-2%-ში. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა თანასწორობის საკითხებზე 10 რეკომენდაცია, 3 ზოგადი წინადადება გამოსცა და 2 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მოამზადა.