საქართველოს ქალთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ეროვნულ გუნდს ირის ანტმანი უხელმძღვანელებს.
47 წლის სპეციალისტს ისრაელიდან 13-წლიანი სამწვრთნელო კარიერა აქვს. ანტმანი ხუთი წლის განმავლობაში ისრაელის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, აგრეთვე ხელმძღვანელობდა ისრაელის 17 და 19 წლამდე გოგონათა ნაკრებებს.
ანტმანი ისრაელის ახალგაზდულ საფეხბურთო აკადემიაში 7 წლის განმავლობაში გოგონათა ასაკობრივი გუნდების ხელმძღვანელი იყო. საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ისრაელის ნაკრებში მეკარის პოზიციაზე 13 წელი თამაშობდა და მისი ქვეყნის ნაკრების კაპიტანი იყო. ირის ანტმანი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2024 წლის ბოლომდე იმუშავებს.
2 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ერთა ლიგის 2023-2024 წლის გათამაშების წილისყრა გაიმართება. საქართველოს ნაკრები C ლიგაში იასპარეზებს. მატჩები 20 სექტემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით შედგება.