ცნობილი ამერიკელი მოდელი და კინოვარსკვლავი ემილი რატაკოვსკი მსახიობობას თავს ანებებს და ჰოლივუდთან ურთიერთობასაც წყვეტს. The Los Angeles Times-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში რატაკოვსკიმ კინოინდუსტრიის დატოვების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საეკრანო დებიუტის შემდეგ ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ "სერიოზული მსახიობია".
"თუმცა, იმის შეგრძნება არ მქონდა, რომ ხელოვანი ვიყავი და ასე ჩემს თავს გამოვხატავდი", — ამბობს უკვე ყოფილი მსახიობი, — "თავს უფრო ხორცის ნაჭრად ვგრძნობდი, რომელსაც ხალხი განიკითხავდა და ამბობდა, მკერდის გარდა რამე თუ აქვსო"."კაცების თვალით დანახული ამბები აღარ მაინტერესებს, რადგან ისინი ტყუილებია. მე კი სიცრუეს არ ვწყალობ. მსოფლიოც და ჰოლივუდიც წამხდარია".
ინდუსტრიის მიზოგინიურ და სექსისტურ ტენდენციებზე საუბრისას რატაკოვსკიმ ასევე გაიხსენა, რატომ დაითხოვა თავისი აგენტი, მენეჯერი და წარმომადგენელი 2020 წელს.
"მათ არ ვენდობოდი", — ჰყვება მოდელი, — "ვუთხარი, სატელეფონო ზარებსაც თავად ვუპასუხებ და გადაწყვეტილებებსაც დამოუკიდებლად მივიღებ; არცერთ თქვენგანს გულით არ ვადარდებ და ქალები ყველას გძულთ-მეთქი".
რატაკოვსკის ჰოლივუდის საზიანო პარადიგმაზე აქამდეც უსაუბრია. გასულ წელს მან მწვავედ გააკრიტიკა ენდრიუ დომინიკის ბიოგრაფიული ფილმი Blonde, რომელიც მერილინ მონროს ცხოვრების შესახებ ჰყვება. ემილიმ აღნიშნა, რომ კინოსურათი მორიგი ფილმია, რომელიც ქალის განცდილი ტკივილის ფეტიშიზაციას ემსახურება.
ემილი რატაკოვსკის გარდა, თანამედროვე კინოინდუსტრიაში არსებულ სექსისტურ დამოკიდებულებებზე სხვა მსახიობ ქალებსაც გაუსვიათ ხაზი. ოსკაროსანმა ჯენიფერ ლოურენსმა შარშან პირდაპირ თქვა, რომ "მნიშვნელობა არ აქვს, როგორ იმუშავებს", რადგან მისი "ვაგინის გამო" ყოველთვის ნაკლებს გადაუხდიან. ჰოლივუდში გენდერული ნიშნით უპირატესობის მინიჭებისა და არათანაბარი ანაზღაურების ტენდენციის საილუსტრაციოდ შეიძლება ითქვას, რომ ფილმში Don't Look Up ლეონარდო დიკაპრიოს გამომუშავებელი ყოველი დოლარის საპირწონედ ლოურენსმა მხოლოდ 83 ცენტი მიიღო