11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტს მიმართავენ.
სალომე ზურაბიშვილთან გაგზავნილ მოთხოვნას 46 დეპუტატი აწერს ხელს.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი „რეფორმების ჯგუფის" მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტის მიღება იქნება, რომელიც სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხები უნდა იყოს: სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არსებობა, რომელიც უკანონოდ ერევა მართლმსაჯულების განხორციელებასა და მოსამართლეთა შერჩევა-დაწინაურებაში, მოსამართლეებზე უკანონო ზემოქმედების, კორუფციისა და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები.
„2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. კერძოდ, მათ გაუუქმდათ მოქმედი ვიზები მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო. აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ", - აღნიშნულია პრეზიდენტისადმი გაგზავნილ მოთხოვნაში.