პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო, უკრაინამ ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა, - ამის შესახებ CNN-ს წყარომ განუცხადა, რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებული პირია.
პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილის, საბრინა სინგის განცხადებით, მათ უკვე დაიწყეს „უწყებათაშორისი ძალისხმევა“ გაჟონვის გავლენის შესაფასებლად.
„თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს გადაღებული დოკუმენტების ავთენტურობის განხილვასა და შეფასებას, რომლებიც ვრცელდება სოციალურ მედიასაიტებზე და რომლებიც, როგორც ჩანს, შეიცავს სენსიტიურ და უაღრესად გასაიდუმლოებულ მასალას. დაიწყო უწყებათაშორისი ძალისხმევა, რომელიც ფოკუსირებულია იმ ზეგავლენის შეფასებაზე, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ამ გადაღებულ დოკუმენტებს როგორც აშშ-ის, ასევე, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა საბრინა სინგმა.
მისი თქმით, დოკუმენტების გაჟონვის საკითხზე აშშ-ის ოფიციალური პირები შაბათ-კვირას მოკავშირეებსა და პარტნიორებს ესაუბრნენ.
შეგახსენებთ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა პენტაგონის დოკუმენტების შესაძლო გავრცელების ფაქტზე, რომლებიც სოციალური მედიის რამდენიმე პლატფორმაზე გამოქვეყნდა, გამოძიება დაიწყო. ოფიციალური პირების განცხადებით, დოკუმენტებში განხილულია თემების ფართო სპექტრი, რომლებიც ეხება ომს უკრაინაში, ჩინეთს, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას. დოკუმენტების ნაწილი დეტალურად აღწერს აშშ-სა და ნატო-ს მიერ უკრაინისთვის აღმოჩენილ დახმარებასთან დაკავშირებულ თემებს. ამასთან, ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც დათარიღებულია 23 თებერვლით, დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ ამოიწურება უკრაინის S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მარაგი გამოყენების ამჟამინდელი ტემპით 2 მაისამდე.