1989 წელს, მთავრობის სახლში რუსეთიდან მართული კომუნისტური რეჟიმი იჯდა და დღესაც საქართველოს მთავრობაში მოსკოვიდან მართული პუტინისტური ხელისუფლებაა - ეს ნიშნავს, რომ ჩვენ როგორც მაშინ გვქონდა ვალდებულება, რომ სამშობლო რუსებისგან გვეხსნა, დღესაც ზუსტად იგივე ვალდებულება დგას ჩვენ წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით იმართება.
როგორც მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აქციაზე ბევრი განსხვავებული შეხედულების ადამიანი იმყოფება, რომელსაც ერთი მიზანი აერთიანებს და ეს საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებაა.
ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის განცხადებით, ყოველი დღე, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხელისუფლებაში არიან, ჩვენი სამშობლოსთვის საფრთხის შემცველია.
„მინდა პატივი მივაგო იმ ადამიანებს, ვინც 1989 წელს აქ იდგნენ, უიარაღოდ, სამშობლოს სიყვარულით გაერთიანებულები და ვისაც რუსეთის ჯარმა აქ უმოწყალოდ გადაუარა. აქ იდგა ჩემი თაობა და ჩემზე უფროსი თაობა. სამწუხაროდ, დღეს იმ პერიოდთან გვაერთიანებს ის, რომ მაშინაც მთავრობის სახლში იჯდა რუსეთიდან მართული კომუნისტური რეჟიმი და დღესაც საქართველოს მთავრობაში არის მოსკოვიდან მართული პუტინისტური ხელისუფლება. სამწუხაროდ, ეს არის საერთო ჩვენს დღევანდელ დღესა და 1989 წელს 9 აპრილს შორის. ეს არის სამწუხარო, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ როგორც მაშინ გვქონდა ვალდებულება, რომ სამშობლო რუსებისგან გვეხსნა, დღესაც ზუსტად იგივე ვალდებულება დგას ჩვენ წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ მე ბევრი განსხვავებული შეხედულების ადამიანი ვნახე აქ, ჩვენ დღეს გვაერთიანებს ერთიანი მიზანი, ეს არის საქართველოს დაბრუნება თავისუფლების იმ ისტორიულ ერთა ოჯახში, რომელიც ავირჩიეთ მე-4 საუკუნეში და არა გუშინ წინ. მე-4 საუკუნეში, როდესაც ვთქვით, რომ ვართ ქრისტიანული ერი, მაშინ ვთქვით, რომ ვართ ევროპის ნაწილი და არა აღმოსავლეთის. მაშინ განვსაზღვრეთ ეს. დღეს არ უნდა დავუშვათ ამის შებრუნება. დღეს ის ღვაწლი, რომელიც აქ ჩემმა თაობამ, ჩემმა უფროსმა თაობამ 1989 წელს გაიღო, არ უნდა იყოს გაფანტული და დაკარგული,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.