იმაზედაც ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწევს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალია ევროპა, აბა სხვა რა?! ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს 9 აპრილს უკავშირდება.
ზურაბიშვილის განცხადებით, საქრათველოს უალტერნატივო მომავალი ევროპაა.
„ძალიან ვწუხვარ , რომ დღეს ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე აქ მე პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი. დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი. მოძრაობა თუ იქნება ეს იქნება თქვენი მოძრაობა, რადგან მომავალი არის თქვენი და თქვენი შვილების. მე ვიქნები იქ, სადაც ყოველთვის ვიყავი. არც ორიენტაცია შემიცვლია, სხვათა შორის. დროა, ჩვენ ერთად ვიყოთ და ვთქვათ არა დაყოფაზე!
ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცები აქ არ მოუშვეს და თქვეს, რომ სასურველი არ იყო აქ ყოფნა. როგორ არ არის სასურველი აქ ყოფნა, როცა ჩვენ 9 აპრილს ვზეიმობთ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარ თარიღს?! როცა პრეზიდენტი იწვევს , სწორედ არა პარტიულად, არა მიკერძოებულად, არამედ, იმისთვის რომ ეს თარიღი, მაინც იყოს ჩვენი ეროვნული გაერთიანების ერთი თარიღი.
ჩვენ თუ ავაშენებთ, ჩვენ ერთიანობას ამდენ თარიღზე, შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ კიდევაც. იმაზედაც ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწვეს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალია ევროპა, აბა სხვა რა?! ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია? ჩვენ კარგად ვიცით , ჩვენი ისტორია, რა სჭირდება ამ ქვეყანას. მე მინდა, რომ აქ ამოირჩიონ ევროპა, აქ მივიღოთ ევროპიდან ის, რაც გვინდა , ის რაც წარმოადგენს ჩვენი იდენტობისთვის გაძლიერებას და აქ გახდეს საქართველო ევროპული სახელმწიფო. უნდა შევძლოთ საერთო ინტერესების დანახვა. უნდა შევძლოთ ქვეყნის მომავლისთვის მთავარის და მეორადის გამიჯვნა. უნდა შევძლოთ პარტიულისა და ეროვნულის ერთმანეთში არ აღრევა. უნდა შევძლოთ შურის, ბოღმისა და სიძულვილის დაძლევა, თორემ რაღა არის ვნების კვირა და აღდგომა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.