პარლამენტთან პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი გაიმართა . აქციის მონაწილეების მოთხოვნა ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება იყო. საკანონმდებლო ორგანოსთან დამონტაჟებული იყო სცენა და ეკრანი, რომელზეც ის ვიდეო-კადრები აჩვენეს, სადაც დასანქცირებული მოსამართლეებისა და აშშ-ის ელჩის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული კომენტარები იყო ასახული. შეკრებილებს საშუალება ჰქონდათ ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრების, მეგობრებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ვიდეო მიმართვები მოესმინათ, სადაც ისინი ლაზარე გრიგორიადისს მხარდაჭერას უცხადებენ. აქციის ორგანიზატორი პარტია „ევროპული საქართველო“ იყო. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.