ფრაზა „ეს რა ქალის საქმეა“ არაერთხელ გვსმენია ამა თუ იმ სფეროსთან მიმართებით, როგორც სურვილებისა და შესაძლებლობების შემზღუდავი სტერეოტიპი. დღევანდელი გადმოსახედიდან თუ შევაფასებთ, თითქოს აქტუალური აღარ უნდა იყოს მსგავსი მიდგომა, მაგრამ Watergunz-ისა და UN Women Georgia-ს ერთობლივი კამპანია სრულიად საპირისპირო რეალობაზე გვიამბობს… ასევე, კამპანიის პარტნიორები არიან: UN Women, The Body Shop, BTU – Business & Technology University, ტოიოტა ცენტრი თეგეტა.
როგორც Watergunz-ის კრეატიული დირექტორი ბაჩო მებურიშვილი განმარტავს, ყველაფერი მემორიალური დაფების შესწავლით დაიწყო. კორპუსებსა და სახლებთან განთავსებული დაფების 90% კაცებს მიემართებოდა, რაც პრობლემის სიმწვავეზე მიუთითებდა. აქედან წამოვიდა ქალაქში ისეთი დაფების განთავსება, რომლებზეც სამწუხარო რეალობით გამსჭვალული ფრაზებია დატანილი: „ამ სახლში შესაძლოა ეცხოვრა ფიზიკოს ნინო ჯაფარიძეს, მაგრამ დაარწმუნეს, რომ ფიზიკოსობა ქალის საქმე არ არის“.
აღსანიშნავია, რომ მთელ ქალაქში განაწილებულ 30 მემორიალურ დაფას QR კოდი ახლავს თან, რომელთა დასკანერების შემდეგაც სხვადასხვა ადამიანის ისტორიას მოისმენენ — ამბავს, როდესაც ქალს პროფესიული არჩევანი სტერეოტიპული ხედვით შეუზღუდეს. ამასთან, კამპანიის ფარგლებში ვიდეორგოლიც გამოუშვეს, რომელიც მემორიალური დაფების შექმნის პროცესზე მოგვითხრობს — როგორ იღებს ქვა სტანდარტულ ფორმას, როგორც საზოგადოების მიერ შეხედულებების ყალიბში მოქცევის სიმბოლო.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ადამიანებს, რომლებიც ამ სტერეოტიპულ ფრაზებს იყენებენ, შევახსენოთ, რომ გარშემომყოფთა ცხოვრების სამუდამოდ შეცვლა შეუძლიათ. გაკვრით ნათქვამმაც კი შეიძლება იმოქმედოს და ცხოვრების მთავარ ოცნებაზე ააღებინონ ხელი. ასევე, გვსურს, გოგოებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას, ერთგვარი მოტივაცია მივცეთ და სათანადოდ გავამხნეოთ“, — ამბობს ბაჩო მებურიშვილი.