ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე გრძელდება. რუსული ძალები შეტევებს მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ახორციელებს, არიან დაჭრილი და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეები. მძიმე ბრძოლების ეპიცენტრად რჩება ბახმუტი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პრესსპიკერის, სერჰი ჩერევატის განცხადებით, უკრაინა ბახმუტში ვითარებას აკონტროლებს. მისივე თქმით, რუსულ ძალებს ზოგ ადგილებში ტაქტიკური წარმატება აქვთ, თუმცა ეს ძვირად უჯდებათ.
უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტი ქვეყნის ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 5 სარაკეტო, 18 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 53 შეტევა განახორციელეს. გენშტაბის ცნობითვე, გრძელდება რუსული ძალების დანაკარგებიც და უკრაინის დამცველები, მტრის ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის ადგილებზე შეტევებს წარმატებით განაგრძობენ.