საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შეხვდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ აფასებს საქართველოს პრეზიდენტი შეერთებული შტატების მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას.
თავად კელი დეგნანმა ამ თემაზე ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა. ელჩმა განმარტა, რომ სავიზო სანქციები დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ეს ბრალდებებიც წლების განმავლობაში იყო ცნობილი. კელი დეგნანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია, თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციაზე ან ბრალდებაზე, ხოლო შეერთებულმა შტატებმა გააკეთა ის, რასაც მათი კანონი მოითხოვს.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას აშშ-ის მოქალაქის ჯეიმსონ მარშალ ქომინსის საქართველოში არ შემოშვების კავშირზე მოსამართლეთა დასანქცირებასთან, ელჩი აცხადებს, რომ ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან კავშირში არ არის. კელი დეგნანის შეფასებით, ეს არის კონსპირაციული თეორიების ნაწილი, რაც აბნევს საზოგადოებას.