კეთილხმოვანი სიმღერა, ფერადი ტანსაცმელი, ცხენშებმული ეტლები და ველად გაშლილი ბანაკები - წლების განმავლობაში ასეთი იყო მსოფლიოს ყველაზე მხიარული და მაგიური იდუმალებით მოცული ხალხის, ბოშების, ხატება.
8 აპრილი ბოშათა საერთაშორისო დღეა.
1971 წლის 8 აპრილს ბოშათა პირველ საერთაშორისო კონგრესზე ბოშებმა თავი მსოფლიოს ერთიან ერად გამოაცხადეს და პირველად თავიანთი არსებობის ისტორიაში დროშა და ეროვნული ჰიმნი მიიღეს.
ვინ არიან ბოშები, როგორ ყალიბდებოდა მათი კულტურა და ტრადიციები, ამაზე ცალსახა პასუხის გაცემა ძნელია. გენომური კვლევებით მტკიცდება, რომ ბოშები თავიანთი ფესვებით ინდოეთს უკავშირდებიან. სწორედ ინდოეთიდან დაიწყო მათი დიდი მოგზაურობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირველ საუკუნეში.
არავინ იცის, რამ აიძულა ბოშები ცხოვრების მომთაბარე წესისთვის მიეყოთ ხელი, მაგრამ ფაქტია, ამ წესმა მათი მსოფლმხედველობისა და ღირებულებების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განფენილმა ბოშებმა მდიდარი და შთამბეჭდავი კულტურა შექმნეს. მათი ცეცხლოვანი სიმღერა და ცეკვა საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებულია, ბოშების ბობოქარი სულითაა შთაგონებული ესპანური ფლამენკო. ბოშათა სიმღერამ გარკვეული გავლენა მოახდინა ჯაზზეც.
ბოშების თქმით, მათ გენეტიკურ კოდში ხეტიალისადმი სიყვარულია ,,ჩაშენებული”, ალბათ ამიტომაც მათ არასდროს ჰქონიათ საკუთარი ქვეყანა, გრძელი ათასწლეულების განმავლობაში მომთაბარეობით ტკბებოდნენ, ცხოვრობდნენ კარვებში, რომლებსაც იქ შლიდნენ, სადაც უღამდებოდათ, ამგვარი ცხოვრების წესის მიუხედავად, ბოშების ასიმილაცია მასპინძელ ერებთან არასდროს მომხდარა. ხალხი, რომელმაც დედამიწის ლამის ყველა ნაწილში იცხოვრა, ყოველთვის ახერხებდა საკუთარი ტრადიციებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას.
ძველ დროს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბოშები თავიანთი ქარზე უსწრაფესი ცხენებით დაქროდნენ, თემი ბარონების მიერ იმართებოდა. სასამართლოს ფუნქციას უხუცესებისგან დაკომპლექტებული ,,სენდო” ასრულებდა. კანონები ზეპირად იქმნებოდა და ამავე ფორმით გადაეცემოდა თაობებს, სასჯელის უმაღლესი ფორმა თემიდან მოკვეთა იყო, მაგალითად, ასე ისჯებოდნენ ის ბოშები, რომლებიც სხვა ეროვნების ადამიანზე ქორწინდებოდნენ.
საქართველოსა და ბოშების ისტორია გვიან იწყება. სავარაუდოდ, ისინი ჩვენს სამშობლოში მე-19 საუკუნის დამდეგიდან გამოჩდნენ. იმ მწირი მასალიდან, რომელიც საქართველოში მათ ადრეულ ყოფაზე მოგვეპოვება, ჩანს, რომ ბოშებმა ადგილიდან ადგილში მოგზაურობის დაუოკებელი სურვილი აქაც შემოიყოლეს. მათი უმრავლესობა იმთავითვე თბილისში დასახლებულა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც საცხოვრებლად საქართველოს სხვადასხვა კუთხე - ქვემო ქართლი, იმერეთი, აჭარა, კახეთი თუ სამეგრელო - არჩია.
საქართველოსა და ბოშების ისტორია დღემდე გრძელდება. ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად ჩვენს ქვეყანაში 600-ზე მეტი ბოშა ცხოვრობს, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების სტატისტიკით, მათი რაოდენობა 2500-ს აღწევს.
ათასწლეულები გავიდა ბოშათა პირველი მიგრაციის შემდეგ, ბევრმა წყალმა იდინა და სამყაროც შეიცვალა, თუმცა დრომ ვერაფერი დააკლო მათ თავისუფლებისმოყვარე სულს, რომელიც დღესაც ისეთივე დაუმორჩილებელია, როგორიც მაშინ, როცა პირველმა ბოშამ თავისი ისტორიული სამოსახლო დატოვა.