სოლიდური ასაკის მიუხედავად, კლინტ ისტვუდი დღემდე ინარჩუნებს საოცარ მხნეობასა და შრომისუნარიანობას. ამერიკული კინოს 92 წლის ვეტერანი არა მხოლოდ ნიჭიერი მსახიობია, რომელმაც საკულტო პერსონაჟები შექმნა ვესტერნებსა და პოლიციურ ბოევიკებში, არამედ ბრწყინვალე რეჟისორი და ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი ავტორი, რადგან 40-მდე ფილმი და 4 „ოსკარი“ მიითვალა საკუთარ ანგარიშზე.
სარეჟისორო დებიუტად ისტვუდმა საკუთარ კერპში ფანატიკურად შეყვარებული ქალის ისტორია აირჩია და რობ რაინერის „მიზერის“, ედრიან ლაინის „საბედისწერო ლტოლვის“ გამოსვლამდე რამდენიმე წლით ადრე დადგა ფილმი ახალგაზრდა მელომანზე, რომელსაც სწორედ გაუზიარებელი სიყვარული აკარგვინებს საღად აზროვნების უნარს და უბიძგებს დანაშაულზე.
მართალია, კრიმინალურმა დრამამ, რომელიც ისტვუდმა რეკორდულ - 21 დღეში გადაიღო, კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ვესტერნების ვარსკვლავი მსახიობობაზე იტყოდა უარს და სერიოზულად დაინტერესდებოდა რეჟისურით.
ვესტერნი თავად ისტვუდის მონაწილეობით, იდუმალებით მოცული მხედრის ისტორიაა, რომლის მოულოდნელმა გამოჩენამ თავზარი დასცა ველური დასავლეთის მეშახტეთა მიყრუებულ ქალაქს, რადგან უცნობი მაწანწალა, რომელიც ბრწყინვალე მსროლელი აღმოჩნდა, სერიოზულ უსიამოვნებად იქცა ადგილობრივი კრიმინალებისთვის.
მეორე სარეჟისორო მცდელობა, რომელსაც თავად ისტვუდმა „ნამდვილი დებიუტი“ უწოდა, სერჯიო ლეონეს ე.წ. „დოლარის ტრილოგიის“ გავლენით შექმნა, რადგან სწორედ მისგან ისესხა ხანგრძლივი და დაძაბული მოლოდინის სცენები, გონებამახვილური დიალოგები ადვილად დასამახსოვრებელი რეპლიკებით და შავი იუმორი, თუმცა სრულიად განსხვავებულად ააგო ორმხრივი სროლის სცენები და უარი თქვა ვესტერნისთვის დამახასიათებელ ე.წ. „შავ-თეთრ“ მორალზე.
მთავარი პერსონაჟის განსახიერებისას, ისტვუდმა წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება გამოიყენა და სავიზიტო ბარათად ქცეული „უსახელო მოხეტიალეს“ კლასიკური სახე შექმნა, რომელიც მხოლოდ ცინიკური რეპლიკით არღვევს მდუმარებას, თუმცა წინამორბედისგან განსხვავებით, მისი „მაწანწალა“ საკმაოდ წინააღმდეგობრივი პერსონაჟია და ერთგვარ მისტიკურ შურისმაძიებელს უფრო ჰგავს , რადგან ერთდროულადაა გმირიც და არამზადაც, ჩაგრულთა დამცველიც და უპრინციპო მოძალადეც.
„უპატიებელი“, რომელიც ისტვუდმა საკუთარ მასწავლებლებს - დონ სიგალისა და სერჯიო ლეონეს ხსოვნას მიუძღვნა, მისი ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია, რადგან არა მხოლოდ მაყურებლის მოწონება დაიმსახურა, არამედ კრიტიკოსებმაც დადებითად შეაფასეს და ყველა დროის საუკეთესო ვესტერნად დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ სწორედ პირქუში ისტორიით სისასტიკესა და დანაშაულის გამოსყიდვაზე, რომელშიც აბსოლუტურად წაშლილია ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის, დაემშვიდობა ისტვუდი ვესტერნის ჟანრს, რომელმაც მსოფლიო კინოს ვარსკვლავად აქცია.
მართალია, ფილმის სცენარი რეჟისორმა 50 წლის ასაკში შეიძინა, მაგრამ მთელი 10 წლით გადადო პროექტზე მუშაობა, რათა მისი გმირი - შურისმაძიებელი უილიამ მანი საკმარისად დაბრძენებული და დამაჯერებელი ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ ველური დასავლეთის პროვინციული ქალაქის - ბიგ ვისკის დეკორაციის მოწყობაზე ავტორებმა 32 დღე დახარჯეს, მაშინ როცა, ფილმის გადაღება მხოლოდ 35 დღე გაგრძელდა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ისტვუდის საოცარი ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა. რეჟისორის მონდომება დააფასეს კინოაკადემიკოსებმაც, რომელთაც ცხრა ნომინაციაზე წარდგენილი „უპატიებელი“ ოთხ კატეგორიაში დააჯილდოვეს საუკეთესო რეჟისორისა და ფილმის ჩათვლით.
ფილმის მოქმედება 1960-იანი წლების დასაწყისში ვითარდება ამერიკის სამხრეთში და ციხიდან გაქცეული პატიმრის ისტორიას მოუთხრობს მაყურებელს, რომელიც პოლიციისგან თავის დასაღწევად იტაცებს მცირეწლოვან ბიჭუნას, თუმცა, მოძალადისა და მძევლის მტრობა სწრაფად იცვლება გულწრფელი მეგობრობით. მეტიც, სწორედ ბიჭუნასთან ურთიერთობით, მისი აღზრდით ცდილობს კრიმინალი ჰაინსი ცოდვების გამოსყიდვას და ერთადერთი ახლობელი ხდება პატარ ფილიპისთვის, რომელსაც ყოველთვის აკლდა მშობლების მზრუნველობა.
მაყურებლის დადებითი შეფასების მიუხედავად, „სრულყოფილმა სამყარომ“ მაინც ვერცერთი პრიზი ვერ დაიმსახურა, რადგან არც კინოაკადემიის წევრებმა დააფასეს, არც კრიტიკოსებმა. პრაქტიკულად შეუმჩნეველი დარჩა კევინ კოსტნერის თამაშიც, რომელმაც ბრწყინვალედ შექმნა უხეში, თუმცა საოცრად მგრძნობიარე გმირის სახე.
აღსანიშნავია, რომ დრამა ერთგვარ წინამორბედად იქცა ისტვუდის შედარებით გვიანდელი ნამუშევრის „გრან ტორინოსი“, რომელშიც რეჟისორმა სწორედ დანაშაულის გამოსყიდვასა და თაობებს შორის ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება.
2004 წელს ისტვუდმა მეორე ოსკარი მოიპოვა სპორტული დრამით „გოგონა მილიონ დოლარად“. რეჟისორმა ამბიციური ახალგაზრდა ქალის და კრივის გამოცდილი მწვრთნელის წინააღმდეგობრივი ურთიერთობა წამოსწია წინა პლანზე და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ასაკობრივი, კულტურული და სოციალური განსხვავების მიუხედავად, ადამიანებს მაინც შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა.
სერიოზული საწარმოო სირთულეების დაძლევა მოუხდა პროეტს გადაღებების დაწყებამდე, რადგან პრაქტიკულად ყველა მსხვილმა სტუდიამ დაიწუნა. პროდიუსერები ვერც ისტვუდის მონაწილეობამ დაარწმუნა, რამაც რეჟისორს ერთდროულად რამდენიმე კომპანიასთან აიძულა თანამშრომლობა 30-მილიონიანი ბიუჯეტის შესავსებად. ისტვუდმა არც ამჯერად უღალატა საკუთარ თავს და ორთვიანი სამუშაო გეგმის შემუშავების მიუხედავად, ისევ ვადაზე ადრე, სულ რაღაც 40 დღეში დაამთავრა გადაღებები ლოს-ანჯელესში Warner Bros-ის სტუდიაში.
მართალია, ისტვუდმა დაუფიქრებლად დაამტკიცა მთავარ როლზე ჰილარი სუონკი, მაგრამ მკაცრად გააკრიტიკა მისი ფიზიკური მონაცემები, რამაც მსახიობს, რომელიც ნებისმიერ ფასად ცდილობდა სასურველი როლის მიღებას, ყველა შეზღუდვას დათანხმება აიძულა და ჯერ დიეტოლოგის მიერ შემუშავებული მენიუს წყალობით დაიკლო 12 კილოგრამი, მერე ყოველდღიურ 5-საათიან მომქანცველ ვარჯიშში ჩაება ბოდიბილდინგის და კრივის მწვრთნელთან. სვონკის დატვირთულ რეჟიმს სტაფილოკოკით ინფიცირებაც დაემატა და მართალია, დიდხანს მალავდა დაავადებას, რადგან ჩათვალა, რომ სწორედ ასე მოიქცეოდა მისი პერსონაჟი, მაგრამ საბოლოოდ ისე დაიმძიმა მდგომარეობა, რომ კლინიკაში აღმოჩნდა და გადაღებების დაწყებაც სწორედ მის გამო გადაიდო.
დრამა, რომელშიც მთავარი როლი ისევ კლინტ ისტვუდმა შეასრულა, მუსიკის შექმნაზე კი, მისმა უფროსმა შვილმა კაილმა იზრუნა, კორეის ომის ხანდაზმულ ვეტერანზე მოუთხრობს მაყურებელს, რომელიც მთელი ცხოვრება „ფორდის“ ავტოქარხანაში მუშაობდა, პენსიაზე გასული კი, დეტროიტის ღარიბ კვარტალში დასახლდა, სადაც თეთრკანიანი ამერიკელები მეტწილად ემიგრანტებმა ჩაანაცვლეს.
პირქუში და კონფლიქტური რასისტი უოლტ კოვალსკი მტკივნეულად განიცდის მეუღლის გარდაცვალებას და მთელ სამყაროზე გაბოროტებულს არა მხოლოდ შვილებთან უჭირს საერთო ენის გამონახვა, არამედ აზიელ მეზობლებთანაც ერიდება ურთიერთობას. მისი ერთადერთი შვება საყვარელი ავტომობილი „ფორდ გრან ტორინოა“, რომლის გატაცებასაც უშედეგოდ ცდილობს მეზობლად მცხოვრები აზიელი მოზარდი. დანაშაულზე დაჭერის შემდეგ, რასობრივი ცრურწმენების და სოლიდური ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, კოვალსკი მაინც ახერხებს ერთ დროს მტრულად განწყობილ მოზარდთან დამეგობრებას და მაქსიმალურად ცდილობს მის დაცვას კრიმინალური სამყაროსგან.
ფილმის სცენარზე ნიკ შეიკმა იმუშავა, რომელმაც აზიელ ემიგრანტებთან ურთიერთობის გამოცდილება გამოიყენა და ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული რომანი გამოსცა, ისტვუდმა კი, პრაქტიკულად უცვლელად გადაიტანა მისი ისტორია ეკრანზე და საკუთარი იგავი შექმნა მონანიებასა და მიტევებაზე, ცრურწმენებსა და სწრაფად ცვალებად სამყაროზე, სადაც მოძველებული სტერეოტიპები ახალი ცხოვრების წესით იცვლება.
2008 წელს „გრან ტორონო“ ამერიკელ კინოკრიტიკოსთა ნაციონალური საბჭოს ორი პრემიით აღინიშნა მამაკაცის საუკეთესო როლისა და ორიგინალური სცენარის ნომინაციაში, 2010-ში კი, ფრანგული „სეზარით“ დაჯილდოვდა საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.
პირქუში ტრილერი, რომლის მოქმედება 1920-იანი წლების ლოს-ანჯელესში ვითარდება, ახალგაზრდა ქალის რეალური ისტორიის მიხედვით შეიქმნა, რომელმაც გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა მცირეწლოვანი შვილი და მართალია, რამდენიმე თვის შემდეგ პოლიციის დახმარებით დაიბრუნა, მაგრამ სწრაფად მიხვდა, რომ სამართალდამცავებმა აბსოლუტურად უცნობი ბიჭუნას მიღება აიძულეს.
გამოძიების განახლებისა და საკუთარი შვილის მოძიების უშედეგო მცდელობის შემდეგ კრისტინ კოლინზმა ჟურნალისტებს მიმართა დახმარებისთვის, თუმცა თანაგრძნობის და თანადგომის ნაცვლად მხოლოდ გაკიცხვა დაიმსახურა და შეშლილად შერაცხული ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოჩნდა.
ფილმში რომლის მთავარ თემებად ქალის უუფლებობა, პოლიტიკური სისტემის კორუმპირებულობა და და სამართალდამცავების ძალადობა იქცა, ისტვუდმა ჯოზეფ მაიკლ სტრაჟინსკის სცენარის მიხედვით შექმნა, გასული საუკუნის დასაწყისის ამერიკული საზოგადოების მანკიერებები ამხილა და სასურველ შედეგსაც მიაღწია, რადგან „შეცვლა“ არა მხოლოდ კანის კინოფესტივალის და „ოსკარის“ სამგზის ნომინანტი გახდა, არამედ სოციალური კინოს ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრადაც დასახელდა.
სამხედრო დრამა „ამერიკელი სნაიპერი“ ისტვუდმა ჯეისონ ჰოლის სცენარის მიხედვით დადგა, რომელმაც საკუთარი ისტორია სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცდანაყოფის სნაიპერის კრის კლაინის მემუარების მიხედვით შექმნა.
კლაინი, რომელიც 11 სექტემბრის ცნობილი ტერაქტის შემდეგ ჩაება ომში საკუთარი ნებით, 250-ზე მეტი ერაყელი გამოასალმა სიცოცხლეს და ერთგვარ რეკორდსმენად იქცა. მართალია, ჯარისკაცს წუთითაც არ ეპარება ეჭვი საკუთარი ქცევის მართებულობაში, მეტიც, სისასტიკეს და დაუნდობლობას ყოველთვის პატრიოტიზმით და სამშობლოს სიყვარულით ამართლებს, მაგრამ საბოლოოდ სწორედ ომს სწირავს საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან პოსტტრავმული სინდრომით შეპყრობილი ვეღარ ახერხებს ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებას.
ისტვუდის ფილმში ტეხასელი კლაინი - კლასიკური კოვბოის და ნამდვილი ამერიკული იდეალების განსახიერებაა, რომელსაც ბავშვობიდან ასწავლიდნენ საკუთარი, თუნდაც მცდარი პრინციპების ნებისმიერ ფასად დაცვას და ერთხელ არჩეული გზის ბოლომდე გაყოლას.
ხუთგზის ნომინანტმა ფილმმა კომერციული წარმატებასთან ერთად კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა, რომელთაც ერთგვარი პარალელი გაავლეს ისტვუდის „სნაიპერისა“ ჯონ ფორდის „მაძიებლებს“ შორის. მსგავსი შეფასება ნაწილობრივ გამართლებულია, რადგან ფილმის შესავალი ეპიზოდები თავისი გამომსახველობითა და სტრუქტურული წყობით, მართლაც ჰგავს 1950-იანი წლების ვესტერნს, მთავარი პერსონაჟი კი, ჟანრის კლასიკური გმირის ანალოგად შეიქმნა, რომელიც სუსტებს, ჩაგრულებს იცავს და ყოველთვის სამართლიანობის მხარესაა.
პათეტიკისა და თავდადებული მებრძოლის იდეალიზირების მიუხედავად, „სნაიპერი“ არა მამაცი ჯარისკაცის პროპაგანდისტული ისტორია, არამედ ტრაგიკული ანტისაომარი ფილმია ადამიანებზე, რომელთაც გულწრფელად სჯეროდათ, რომ ომში საკუთარი სამშობლოს, ოჯახების დასაცავად მიდიოდნენ, თუმცა სწორედ ოჯახები დაანგრიეს, რადგან ფსიქიური ტრავმებით დამძიმებულებმა, საბოლოოდ ვერ შეძლეს მტკივნეული მოგონებებისგან გათავისუფლება.
„სნაიპერი“არა მხოლოდ მითს ანგრევს ამერიკელ გმირსა და თავგანწირულ ჯარისკაცზე, არამედ ერაყული კამპანიის პათოსსაც აბსურდად აქცევს, რადგან იმ ბანალურ შურისძიებასთან აიგივებს, რომელიც მხოლოდ მორალური და ფიზიკური იარებს ტოვებს.