ვანგა - ლეგენდარულ ბულგარელ ნათელმხილველზე, რომელმაც საკუთარი წინასწარმეტყველებებით გაითქვა სახელი, სიცოცხლეშიც მრავლად ვრცელდებოდა ურთიერთგამომრიცხავი ჭორები, გარდაცვალების შემდეგ კი, განსაკუთრებით მომრავლდა მისტიფიკაციები. ბაბა ვანგა, როგორც მას ხშირად უწოდებდნენ, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი, საიდუმლოებით მოცული პერსონაა, რადგან არა მხოლოდ მისი ბიოგრაფიული ფაქტების დაზუსტება აღმოჩნდა შეუძლებელი, არამედ წინასწარმეტყველური მინიშნებებისაც, რომელთა დოკუმენტირების უფლებას ნათელმხილველი არავის აძლევდა.
მართალია, ვანგას თაყვანისმცემლები თავგამოდებით ირწმუნებიან, რომ მისი ყველა პროგნოზი საოცარი სიზუსტით ასრულდა, მაგრამ საპირისპიროს ამტკიცებენ სკეპტიკოსები, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ ე.წ. „ვანგას ფენომენი“ - სინამდვილეში მხოლოდ სპეცსამსახურების გამონაგონი და კარგად მოფიქრებული პროექტია.
მომავალი წინასწარმეტყველი 1911 წლის 31 იანვარს დაიბადა ქალაქ სტრუმიცაში დღევანდელი ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე, ბულგარელი გლეხების პარასკევა და პანდე სურჩევების ოჯახში, თუმცა სახელი ბევრად გვიან შეიძინა, რადგან ვადაზე ადრე, ერთმანეთზე მიკრული თითებით დაბადებული იმდენად სუსტი იყო, რომ მისი გადარჩენის იმედი ახლობლებსაც არ ჰქონდათ. მშობლებმა ქურქში გაახვიეს ახალშობილი და შეშის ღუმელთან მიუჩინეს ადგილი, გოგონა მხოლოდ ორი თვის შემდეგ ატირდა პირველად და შესაძლოა, სწორედ ეს იყო პირველი საოცრება მის ცხოვრებაში.
ბულგარული ტრადიციის მიხედვით, ბავშვის დაბადების შემდეგ მისი ახლობლები ქუჩაში გადიან და პირველ შემხვედრს ეკითხებიან ახალშობილის სახელს. ტრადიციას უერთგულა ვანგას ბებიამაც, თუმცა ძალიან არ მოეწონა ძველბერძნული სახელი ანდრომახა, რომელიც ერთ-ერთმა პირველმა გამვლელმა შესთავაზა და მხოლოდ მეორე მცდელობით შეურჩია შვილიშვილს ნამდვილი ქრისტიანული სახელი ვანგელია, რაც „კეთილი ამბის მომტანს“ ნიშნავს.
პატარა ვანგელიამ, რომელსაც საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა ჯერ ბებია დაკარგა, 3 წლისას კი დედა გარდაეცვალა. პირველი მსოფლიო ომში გაწვეულმა მამამ მეზობელს მიაბარა გოგონა, ფრონტიდან დაბრუნებულმა კი, მეორედ იქორწინა და ახლა დედინაცვალმა გადაიბარა მასზე მეურვეობა, რომელიც მცირეწლოვან გერს მხოლოდ სამუშაო ძალად იყენებდა და არც ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, არც მზრუნველობას.
საკუთარ თავში ჩაკეტილ ვანგელიას ძალიან უცნაური თამაში ჰქონდა, რომელმაც თითქოს წინასწარ განსაზღვრა მისი ბედი და ცხოვრება. გოგონა თვალახვეული ეძებდა თავისივე დამალულ ნივთებს და ისევ თვალახვეული მკურნალობდა მამისგან საჩუქრად მიღებულ ერთადერთ თოჯინას.
1923 წელს ვანგა მეტად უცნაურ ვითარებაში დაბრმავდა. არსებობს ვერსია, თითქოს საძოვრებიდან სახლისკენ მიმავალი 12 წლის გოგონა ქარიშხალმა რამდენიმე ასეულ მეტრზე გაიტაცა და მხოლოდ ორი დღის შემდეგ მიაგნეს მინდორში. სამწუხაროდ, მამას არ აღმოაჩნდა ქვიშით სავსე თვალების და მძიმედ დაზიანებული რქოვანას სამკურნალოდ საჭირო თანხა, რამაც ოთხ წელიწადში ვანგელიას სრული დაბრმავება გამოიწვია.
თუმცა ისტორია, რომელსაც ვანგა და მისი ოჯახი ჰყვებოდა მხოლოდ გამონაგონი აღმოჩნდა, რადგან 1923 წელს არც სმერჩი ყოფილა, არც ქარიშხალი. სამაგიეროდ, ჟურნალისტებმა ვანგელიას დაბრმავების ბევრად საზარელი ისტორია მოიძიეს. როგორც აღმოჩნდა, მოზარდი უცნობებმა გააუპატიურეს, სასტიკად სცემეს და თვალები დათხარეს, რათა ვერასდროს შესძლებოდა მათი ამოცნობა. ამავე ვერსიას ადასტურებს ვანგას უშვილობაც, რასაც საშინლად განიცდიდა.
აღსანიშნავია, რომ 1920-იანი წლების ბალკანეთში ქორწინებამდე უმანკოების დაკარგვა უპატიებელი ცოდვა იყო. არავინ ფიქრობდა, რას განიცდიდა თავად მსხვერპლი, რადგან გაუპატიურებაც დანაშაულად ითვლებოდა. თემი გოგონასთან ერთად მთელ მის ოჯახსაც განდეგილად აცხადებდა და სამუდამოდ წყვეტდა მასთან ურთიერთობას. როგორც ჩანს, სწორედ ამგვარი უსიამოვნებებისგან თავის დასაღწევად გამოიგონა ოჯახმა არარეალური ისტორია, რომელიც მოგვიანებით ვანგას ლეგენდის ნაწილი გახდა.
15 წლის ვანგელია ალკოჰოლიზმით დამძიმებულმა მამამ სერბეთის ქალაქ ზემუნში გაამგზავრა უსინათლოთა ინტერნატში. თავად ვანგას განცხადებით, სწორედ ზემუნში გაატარა უბედნიერესი წლები, რადგან საოცრად გულისხმიერი პედაგოგები ყოველთვის გულით ზრუნავდნენ აღსაზრდელებზე. უსინათლოთა სახლში ვანგამ არა მხოლოდ ქსოვა და ფორტეპიანოზე დაკვრა, არამედ ბრაილის ანბანით კითხვა და კერძების მომზადება ისწავლა, იქვე შეხვდა პირველ სიყვარულს, სახელად დუშანსაც, თუმცა ნაკლებად გაუმართლა, რადგან მოზარდების სიყვარული დუშანის შეძლებულმა მშობლებმა გააპროტესტეს, რომელთაც უმზითვო პროვინციალი გოგონა დაიწუნეს.
3-წლიანი სიმშვიდის და უზრუნველი ცხოვრების შემდეგ ვანგას მაინც სახლში მოუწია დაბრუნება, რადგან დედინაცვალი მორიგი მშობიარობის დროს დაიღუპა, მეორედ დაქვრივებულ მამას კი, დახმარება სჭირდებოდა. სიბრმავის მიუხედავად ვანგელია მაინც საუკეთესო დიასახლისი გახდა, რადგან საოჯახო მეურნეობასაც უძღვებოდა და უმცროსი და-ძმის აღზრდაზეც ზრუნავდა, თავისუფალ დროს კი, მეზობლებისთვის ქსოვდა და კერავდა, რომლებიც პროდუქტითა და სამოსით უხდიდნენ გასამრჯელოს.
1939 წელს, უპოვართათვის შემწეობის მოლოდინში, მოქანცული და სრულად გამოფიტული ვანგა, რომელიც რამდენიმე დღე ფეხშიშველი იდგა ცივ იატაკზე, უმძიმესი პლევრიტით დაავადდა. მართალია, არავის ჰქონდა მისი გადარჩენის იმედი, მაგრამ ახალგაზრდა ქალი ყველასთვის მოულოდნელად გამოჯანმრთელდა. მეორე უჩვეულო შემთხვევა 1941 წელს მოხდა, როცა მისივე განცხადებით „იდუმალებით მოცული მხედარი“ გამოეცხადა სიზმარში და საკუთარი ექსტრასენსორული ტალანტი გადასცა.
ხმები ვანგას წინასწარმეტყველური და ექსტრასენსორული უნარების შესახებ სწრაფად გავრცელდა. მეზობლები, რომელთაც ვანგელია სიზმრის ახსნასა და მათი მნიშვნელობის გაგებაში ეხმარებოდა, ირწმუნებოდნენ, რომ უსინათლო ქალს ზებუნებრივი ძალების წყალობით შეეძლო ომში უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიება, რადგან ზუსტად იცოდა, სად იყვნენ ცოცხლები და სად დაიკრძალნენ დაღუპულები.
სტრუმიცას მოსახლეობა მასიურად დაიძრა ნათელმხილველთან შესახვედრად, მით უფრო, რომ ვანგა არასდროს ითხოვდა ანაზღაურებას, თუმცა მადლიერებით იღებდა ფულს, საკვებს და საყოფაცხოვრებო ნივთებს საკუთარი წინასწარმეტყველების სანაცვლოდ. სტუმრად წვეულ სტრუმიცელებს ვანგა არა მხოლოდ დაკარგული ახლობლის მოძიებაში ეხმარებოდა, არამედ ნებისმიერ ავადმყოფობას უცებ პოულობდა და სთავაზობდა მკურნალობას. აღსანიშნავია, რომ ე.წ. ექსტრასენსორული სეანსების დროს ვანგელიას მოულოდნელად ეცვლებოდა ხმა და აუცილებლად მამაკაცის ხმით საუბრობდა.
მართლმადიდებელი ვანგა ყოველთვის ღრმად მორწმუნე ქალი იყო. მართალია, მართლმადიდებლობა კრძალავს ნათელმხილველობას, რადგან ზებუნებრივი შესაძლებლობები ჯადოქრობად ითვლება, მაგრამ როცა მისმა წინასწარმეტყველებამ და მკურნალობის უნარმა ადამიანებს სარგებელი მოუტანა, ვანგა მიხვდა, რომ უნიკალური ტალანტი სიკეთე იყო და არა ბოროტება.
მართალია, თავიდან ვანგას წინასწარმეტყველება მხოლოდ ფრონტზე წასულ ჯარისკაცებზე ვრცელდებოდა, მაგრამ ომის დასრულების შემდეგ ნებისმიერს მასპინძლობდა, ვისაც ავადმყოფობის დადგენა და მკურნალობა, მისი რჩევისა და დახმარების მიღება უნდოდა. თვითმხილველთა განცხადებით, ვანგას სულ მცირე 130 ვიზიტორის მიღება უწევდა ყოველდღიურად, მომავლის პროგნოზს კი, შაქრის ნატეხზე აკეთებდა, რომელიც სტუმარს თვითონ მიჰქონდა. აღსანიშნავია, რომ თითქმის 60-წლიანი საქმიანობის მანძილზე ნათელმხილველმა 2 ტონაზე მეტი რაფინადი დააგროვა, რაც ნათლად მეტყველებს მის პოპულარობაზე.
1967 წელს ვანგამ, რომელიც მანამდე ყველას უსასყიდლოდ ეხმარებოდა, არა მხოლოდ საჯარო მოსამსახურის სტატუსი შეიძინა, არამედ ოფიციალურად გამოეყო ხელფასი ბულგარეთის მთავრობისგან. აღსანიშნავია, რომ ასეულობით ვიზიტორს შორის, ნათელმხილველს უცხოელი პოლიტიკოსები და ცნობილი პერსონებიც მრავლად სტუმრობდნენ, რომლებიც საკუთარი ბედით და ქვეყნის მომავლთ ინტერესდებოდნენ, რჩევას, დახმარებას და სხვადასხვა დაავადებისგან განკურნავს ითხოვდნენ.
ამბობენ, თითქოს 1942 წელს ვანგელიას ბულგარეთის მონარქი ბორის მესამე ესტუმრა, ერთი წლის შემდეგ კი, თავად ჰიტლერმა მოინდომა მისი მოსმენა და გულით იცინა, როცა ნათელმხილველმა ომში დამარცხება უწინასწარმეტყველა, ვანგამ კი საპასუხოდ გერმანელი ჯარისკაცის მეზობლის საჯინიბოში გაგზავნა შესთავაზა, სადაც ფაშატი კვიცს ელოდა და ზუსტად იწინასწარმეტყველა ახალდაბადებული კვიცის ფერი.
თუმცა, ფიურერის ვიზიტის მტკიცებულების მოძიება ვანგას ბიოგრაფებს ძალიან გაუჭირდათ. ამასთანავე, ნაკლებად დამაჯერებელია, რომ 1940-იანი წლების დასაწყისში, როცა ნათელმხილველის შესაძლებლობების შესახებ მხოლოდ მისმა მეზობლებმა იცოდნენ, ჰიტლერი იმ უცნობი პროვინციელი მკითხავის წინასწარმეტყველებით დაინტერესდებოდა, რომელიც მხოლოდ ადგილობრივ ლეგენდად ითვლებოდა.
არსებობს ვერსია, თითქოს სინამდვილეში, ვანგა ბულგარეთის სპეცსამსახურის აგენტების პროექტი იყო, რომელთაც სწრაფად შეიტყვეს სტრუმიცას მკითხავის წინასწარმეტყველური უნარის შესახებ და სტუმრად წვეულებმა პირადად შესთავაზეს თანამშრომლობა, წინააღმდეგი არ აღმოჩნდა არც ვანგა, რომელსაც სწორედ უსაფრთხოების სამსახურის რეკომენდაციით დაენიშნა ხელფასი.
აღსანიშნავია, რომ ვანგა ყოველთვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებდა ბულგარელ და უცხოელ მაღალჩინოსნებზე, რადგან საოცარი სიზუსტით ჰყვებოდა მათ წარსულს. როგორც აღმოჩნდა, მსგავსი ინფორმაციით ნათელმხილველი უსაფრთხოების სამსახურისგან მარაგდებოდა, სანაცვლოდ კი, „კოლეგებისთვის“ უცნობ, თუმცა საინტერესო ინფორმაციას აგროვებდა და მათვე უბრუნებდა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ იყო, რომ ვიზიტორებს მხოლოდ სპეცსამსახურების ნებართვით შეეძლოთ ნათელმხილველთან სტუმრობა. ამასთანავე, ამბობენ თითქოს წინასწარმეტყველებისას ვანგა ძალიან ხშირად ცდებოდა, რასაც ისევ უსაფრთხოების სამსახური ასაიდუმლოებდა მისივე შექმნილი მითიური ნათელმხილველის რეპუტაციის გადასარჩენად.
ვანგელია 1996 წლის 11 აგვისტოს გარდაიცვალა მკერდის სიმსივნით, რომელიც უკანასკნელ თვეებში გაუმწვავდა. საკუთარი სიკვდილი ნათელმხილველმა ერთი თვით ადრე იწინასწარმეტყველა, თუმცა ანდერძად დაიბარა, რომ არ ღირდა მის გამო გლოვა, რადგან იმ უმძიმესი ტვირთისგან თავისუფლდებოდა, რომლის ტარებაც მთელი ცხოვრება მოუხდა.
ურწმუნო სკეპტიკოსებს, რომელთაც არასდროს სჯეროდათ ვანგას ზებუნებრივი შესაძლებლობების ვანგას თაყვანისმცემლები იმ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს ახსენებენ, რომლებიც მართლაც მოხდა. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ვანგამ იწინასწარმეტყველა „ხავერდოვანი რევოლუცია“ ჩეხოსლოვაკიაში და ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ინდირა განდის მკვლელობა, 11 სექტემბრის საზარელი ტერაქტი ნიუ-იორკში და რუსული წყალქვეშა ნავის „კურსის“ დაღუპვა სრულ ეკიპაჟთან ერთად, ბარაკ ობამას პრეზიდენტად არჩევა, რომელსაც „ამერიკის პირველი შავი კაცი“ უწოდა და კორონავირუსი, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდებოდა, უამრავ ადამიანს შეიწირავდა და „არსაიდან მოსული, ისევ არსაით გაქრებოდა“.
ვანგას ბიოგრაფების მტკიცებით, განსაკუთრებულ ყურადღებას ნათელმხილველი 2022 წლის 22 თებერვალზე ამახვილებდა, რადგან თვლიდა, რომ სწორედ „ხუთი ორიანის წელიწადში“ მოხდებოდა სამყაროსთვის საბედისწერო მოვლენა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაცხადდებოდა, თუმცა კონკრეტულად რას გულისხმობდა ნათელმხილველი, ბიოგრაფები ჯიუტად მალავენ.