რა თქმა უნდა, ფილმის წარმატებას მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს, ერთ-ერთი მთავარი კი, მუსიკალური გაფორმებაა, რომელიც ხშირად მისი სავიზიტო ბარათიც ხდება. თუმცა, ზოგჯერ კომპოზიცია საკუთარ ცხოვრებას იძენს და ფილმისგან დამოუკიდებლად მოიპოვებს პოპულარობას.
სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ კომპანიამ Samsung Electronics-მა სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა ბრიტანეთში და დაადაგინა, რომ ნისლიანი ალბიონის კინომოყვარულები საუკეთესო კომპოზიციად უითნი ჰიუსტონის I Will Always Love You მიიჩნევენ ფილმიდან „პირადი მცველი“.
I Will Always Love You - უითნი ჰიუსტონი („პირადი მცველი“, მიკ ჯექსონი) - მიკ ჯექსონის დრამაში „პირადი მცველი“, რომელიც 1992 წლის ყველაზე შემოსავლიან ფილმად დასახელდა, უითნი ჰიუსტონმა არა მხოლოდ მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა, არამედ მთავარი როლიც შეასრულა. მართალია, მომღერალს მანამდეც უამრავი წარმატებული ჰიტი ჰქონდა, მაგრამ მსოფლიო აღიარება, სწორედ ლირიული ბალადით I Will Always Love You მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ კომპოზიცია, რომელიც დღესაც გაუზიარებელი სიყვარულის ერთგვარ ჰიმნად ითვლება, სინამდვილეში 1973 წელს შექმნა დოლი პარტონმა. ქანთრი-მუსიკოსის აღიარებით, სიმღერა ყოფილ პარტნიორსა და კოლეგას პორტერ ვაგონერს მიეძღვნა, რომლის მიმართ რომანტიკული გრძნობები რომანის დასრულების შემდეგაც შეინარჩუნა.
1974 წელს სიმღერა ალბომში Jolene შევიდა და Hot Country Songs-ის ჩარტის ლიდერობა მოიპოვა, 1992 წელს კი, ჰიუსტონმა შეასრულა კომპოზიციის სოულ ვერსია და არა მხოლოდ „გრემის“ პრემია დაიმსახურა საუკეთესო ჩანაწერისა და ქალის პოპ-ვოკალის ნომინაციაში, არამედ კრიტიკოსებიც აღაფრთოვანა. მუსიკათმცოდნეებმა პირველ რიგში ჰიუსტონის უძლიერეს ხმას და გოსპელის გავლენას გაუსვეს ხაზი, რომელმაც ნაღვლიანი სასიყვარულო ბალადა სოლიდურ დრამატულ ნაწარმოებად აქცია.
Stayin’ Alive - Bee Gees („შაბათი ღამის ციებ-ცხელება“, 1977, ჯონ ბედემი) – გასაკვირი არაა, რომ ჯონ ბედემის მუსიკალური ფილმის „შაბათი ღამის ციებ-ცხელების“ საუნდთრეკი რამდენიმე წლით იქცა ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ალბომად, რადგან 1970-იანი წლების ბოლოს ანუ დისკოს ეპოქაში, სწორედ პოპულარულ მუსიკალურ ჟანრს მიეძღვნა ფილმი.
ჯგუფი, რომელიც ფილმის მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებდა, წინასწარ განისაზღვრა, რადგან საუნდთრეკის პროდიუსერი რობერტ სტიგვუდი პარალელურად Bee Gees-ის მენეჯერიც იყო. კომპოზიციებზე მუშაობა სტიგვუდმა ძმებ გიბებს შესთავაზა, რომელთაც წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ რამდენიმე დღეში შექმნილი Stayin’ Alive მათი კარიერის უმნიშვნელოვანეს ნამუშევრად იქცეოდა.
აღსანიშნავია, რომ 1960-იანი წლების დასაწყისში ავსტრალიელმა ძმებმა, რომელთა შემოქმედებას მეტწილად ფსიქოდელიური პოპ-ბალადები შეადგენდნენ, მხოლოდ ეროვნული ჩარტის მეორე ათეულში შეძლეს სტაბილურად დამკვიდრება, ხანგრძლივი შემოქმედებითი კრიზისის შემდეგ კი, სრულიად განსხვავებული განწყობით, სტილით დაუბრუნდნენ მუსიკალურ სამყაროს და სწორედ „ციებ-ცხელების“ წყალობით იქცნენ პოპ-მუსიკის უიღბლო ვეტერანებიდან ათწლეულის ყველაზე მოთხოვნად მუსიკოსებად.
My Heart Will Go On - სელინ დიონი („ტიტანიკი“, ჯეიმს კამერონი) – მართალია, მუსიკალური კარიერა სელინ დიონმა 1980-იან წლებში დაიწყო, მაგრამ მსოფლიო აღიარება მხოლოდ 1997 წელს, ჯეიმს კამერონის „ტიტანიკის“ გამოსვლის შემდეგ მოიპოვა. მეტიც, დღეს სწორედ კომპოზიცია My Heart Will Go On ითვლება მუსიკოსის სავიზიტო ბარათად, რომელიც არა მხოლოდ მის უმსხვილეს ჰიტად, არამედ ყველაზე გაყიდვად სინგლად იქცა მუსიკის ისტორიაში.
თუმცა, თავიდან დიონმა დაიწუნა ჯეიმს ჰორნერის კომპოზიცია და უარი თქვა მის შესრულებაზე. არ მოიწონა სიმღერა არც ხმისჩამწერი სტუდიის The Hit Factory-ის შემოქმედებითმა ჯგუფმა, რომელიც პრაქტიკულად იძულებით დათანხმდა მუშაობას. ამბობენ თითქოს, სტუდიაში მისული დიონი საშინელ განწყობაზე იყო, რადგან ერთის მხრივ, მაღალი სიცხე სტანჯავდა, მეორეს მხრივ, ძალიან არაკომფორტულად გრძნობდა თავს, რადგან აბსოლუტურად უსარგებლო, მარცხისთვის განწირულ კომპოზიციაზე უწევდა დროის დაკარგვა.
პესიმისტური მოლოდინის მიუხედავად, უხალისოდ დაწყებული მუშაობა ნამდვილი ტრიუმფით დასრულდა, რადგან ვირტუოზული ვოკალური ტექნიკის მფლობელმა დიონმა მთელი სიმღერა ერთიანად, დუბლების გარეშე ჩაწერა და არა მხოლოდ აღაფრთოვანა, არამედ გული აუჩუყა და აატირა სტუდიის მესვეურები, რომლებიც მასავით სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი სიმღერის მიმართ.
(I’ve Had) The Time of My Life - ბილ მედლი და ჯენიფერ უორენსი („ბინძური ცეკვები“, 1987, ემილ არდოლინო) –მართალია, სიმღერას The Time of My Life, „ბინძური ცეკვების“ პროდიუსერებმა მარცხი უწინასწარმეტყველეს, მაგრამ სწორედ ფრენკ პრევიტის ავტორობით შექმნილმა კომპოზიციამ მოიპოვა „ოსკარის“, „ოქროს გლობუსის“ და „გრემის“ პრემიები საუკეთესო სიმღერისა და პოპ-ვოკალის ნომინაციებში.
სხვათა შორის სიმღერა, რომელიც 1987 წელს მთელი 6 კვირით ჩაუდგა სათავეში Billboard Hot 100-ის ჩარტს, შესაძლოა საერთოდ არ ყოფილიყო. პროდიუსერის ჯიმი იენერის შეთავაზებას - დაეწერა „ბინძური ცეკვებისთვის“ სიმღერა, პრევიტმა უარით უპასუხა, რადგან ჩათვალა, რომ ძველი მეგობარი ეროტიკული ფილმისთვის სთავაზობდა მუშაობას, თუმცა საბოლოოდ მაინც სოლიდურმა ჰონორარმა აცდუნა, მით უფრო, რომ რამდენიმე უარყოფილი წინადადების შემდეგ სერიოზულ ფინანსურ კრიზისს განიცდიდა.
პრევიტის მთავარ პრობლემად კომპოზიციის ქრონომეტრაჟი იქცა, რადგან ფინალური სიმღერა სულ მცირე 7 წუთს უნდა გაგრძელებულიყო. საბოლოო ვერსიის შექმნამდე კომპოზიტორმა 26 განსხვავებული ვარიანტი მოსინჯა, სახელი კი, ხმისჩამწერი სტუდიისკენ მიმავალმა მოიფიქრა. „ძალიან გამიჭირდა სიმღერის შექმნა, თუმცა არც ფილმზე აღმოჩნდა მუშაობა მარტივი, რაც პატრიკ სვეიზმაც დამიდასტურა, როცა დაუფარავად მითხრა, რომ „ბინძური ცეკვები“ ავტორებსაც ისევე ძალიან სძულდა, როგორც მსახიობს, რადგან გადაღებები მუდმივი სკანდალისა და ურთიერთბრალდების ფონზე მიმდინარეობდა. ჩემმა სიმღერამ კი, მისივე განცხადებით, სრულიად განსხვავებული ატმოსფერო შექმნა და გაუცხოებული შემოქმედებითი ჯგუფიც ერთმანეთს დააახლოვა. მიხარია, თუ მართლა ფასეული კომპოზიცია შევქმენი, რადგან პირადად მე მარცხისთვის უფრო ვემზადებოდი, ვიდრე წარმატებისთვის“, - აღნიშნა პრევიტმა, ვისთვისაც კომპოზიცია კარიერის საუკეთესო ნამუშევრად იქცა.
Moon River - ოდრი ჰეპბერნი („საუზმე ტიფანისთან“, ბლეიკ ედვარდსი) – ბლეიკ ედვარდსის რომანტიკულ კომედიაში „საუზმე ტიფანისთან“ ოდრი ჰეპბერნმა არა მხოლოდ კარიერის საუკეთესო როლი შეასრულა, არამედ ვოკლური შესაძლებლობებიც სრულად გამოავლინა.
კომპოზიცია Moon River, რომელმაც „ოსკარის“ და „გრემის“ პრემიები დაიმსახურა საუკეთესო სიმღერის და წლის ჩანაწერის ნომინაციებში, ჰენრი მანჩინიმ და ჯონი მერსერმა შექმნეს სპეციალურად ჰეპბერნისთვის, მის ძლიერ, თუმცა საოცრად სასიამოვნო ვოკალზე მორგებით. მართალია, ფილმი სწორედ Moon River-ის მუსიკალური თემით იწყება, მაგრამ ტექსტი მხოლოდ მოგვიანებით ჟღერს, როცა ჰეპბერნის პერსონაჟი - ჰოლი გოლაითლი სახანძრო კიბეზე ჩამომჯდარი მღერის ნაღვლიან სიმღერას გიტარით ხელში.
ემოციური შესრულების მიუხედავად, Paramount Pictures-ის პროდიუსერებმა მაინც ეპიზოდის ამოჭრა მოინდომეს, რაც პირველ რიგში ჰეპბერნმა გააპროტესტა. თვითმხილველთა განცხადებით, მშვიდი და გაწონასწორებულ ჰეპბერნი, რომელიც ყოველთვის უკონფლიქტო მსახიობის რეპუტაციით სარგებლობდა, იმდენად გაანაწყენა მსგავსმა გადაწყვეტილებამ, რომ უხეშად, პრაქტიკულად უცენზურო სიტყვებით მიმართა პროდიუსერებს და სწორედ ასე დაიცვა საკუთარი ნამუშევარი.