საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო იტალიის მხრიდან იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ედმონდო ჩირიელი.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილეს ორი ქვეყნის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები. საუბარი შეეხო საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს - პოლიტიკის, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.
„ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი. განხილულ იქნა 12 პუნქტის შესრულების მიმდინარეობა და ამ მხრივ საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები. საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასა და ვილნიუსის სამიტის მზადების პროცესს. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და იტალიას შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებული თანამშრომლობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ედმონდო ჩირიელის განცხადებით, იტალია ქართველ ხალხს მიიჩნევს უძველეს მეგობრად, რომელიც კულტურულად ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და რომელსაც მხარს უჭერს ამ გაწევრიანების პროცესში.
„დღეს, მე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომელსაც ასევე ეხება კავკასიის საკითხები, მინდოდა დამეფიქსირებინა იტალიის მხარდაჭერა და მეგობრობა. მინდა აღვნიშნო ის გულთბილი დახვედრა, რომელიც გვქონდა მთავრობის ყველა წარმომადგენლისგან. მათ კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება და დაადასტურეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დიდი სურვილი და იტალია იქნება დიდი მხარდამჭერი ქართველი ხალხის ამ ასპირაციისა“, - განაცხადა ედმონდო ჩირიელიმ.