NASA-მ საზოგადოებას იმ 4 ადამიანის ვინაობა გააცნო, რომლებიც მისია Artemis 2-ის ფარგლებში მთვარის ორბიტაზე გაემგზავრებიან, რაც ბოლო 50 წელიწადში პირველი ასეთი შემთხვევა იქნება.
ისტორიულ ფრენაში მონაწილეობას მიიღებს ქრისტინა კოხი, რიდ ვაისმანი, ვიქტორ გლოვერი და ჯერემი ჰანსენი, რომელიც კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტია. ისინი მსოფლიოში უმძლავრესი რაკეტით დედამიწას 2024 წლის ნოემბერში დატოვებენ და 10-დღიანი მისიის ფარგლებში მთვარეს გარს შემოუვლიან.
Artemis 2 რიგით მესამე მისიაა, რომლის მიზანიც მთვარეზე ბაზის შესაქმნელად და მარსზე გასამგზავრებლად საჭირო ტექნოლოგიის გამოცდაა. პირველი ეტაპი Artemis 1 იყო, 2022 წელს განხორციელებული უეკიპაჟო ფრენა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. 2024 წელს კოსმოსურ აპარატ Orion-ში უკვე ეკიპაჟი მოთავსდება და დედამიწის ერთადერთი თანამგზავრის ორბიტაზე იმოძრავებს. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ 2025 წელს მოხდება, როცა მთვარის ზედაპირზე ფეხს პირველი ქალი და პირველი ფერადკანიანი დადგამს.
"ჩვენ ერთად ჩავუყრით საფუძველს ახალ ერას ვარსკვლავების გარშემო მოგზაურთა და მეოცნებეთა მომდევნო თაობისთვის — არტემისის თაობისთვის. ჩვენ ერთად მივდივართ მთვარისკენ, მარსისკენ და უფრო შორს", — განაცხადა NASA-ს ხელმძღვანელმა, ბილ ნელსონმა.რაც შეეხება ასტრონავტებს, რიდ ვაისმანი მისიის მეთაური იქნება. ის აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანია, რომელმაც 2014 წელს დედამიწის ორბიტაზე, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში, 165 დღე გაატარა. ვიქტორ გლოვერი პილოტის ფუნქციას შეასრულებს, როგორც SpaceX-ის კაფსულა Crew Dragon-ის პირველი მისიისას. მან ISS-ში 168 დღე დაყო.
ქრისტინა კოხი მისიის სპეციალისტი იქნება. ესაა ქალი, რომელმაც კოსმოსურ სადგურზე ყველაზე დიდი დრო, 328 დღე, გაატარა. ის 2019 წელს, კოლეგა ჯესიკა მეიერთან ერთად, ღია კოსმოსში გავიდა, რაც მხოლოდ ქალების მონაწილეობით პირველად მოხდა. ასევე მისიის სპეციალისტია კანადის კოსმოსურ სააგენტოში მომუშავე ჯერემი ჰანსენი, რომელიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში პილოტი იყო. ის კოსმოსში პირველად გაემგზავრება.
10-დღიანი ვოიაჟის განმავლობაში ისინი შესაძლოა, მთვარის მიღმა იმაზე შორს წავიდნენ, ვიდრე ადამიანები აქამდე წასულან. Orion მთვარეს შემოუვლის, შემდეგ კი დედამიწაზე დაბრუნდება, ატმოსფეროში შემოვა და წყნარ ოკეანეში დაეშვება. ასტრონავტები დედამიწის ორბიტას მანამ არ დატოვებენ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ხომალდი სათანადოდ მანევრირებს.