ისრაელის პოლიციასა და იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთში შეკრებილ პალესტინელ მორწმუნეებს შორის შეტაკება მოხდა.
პალესტინის წითელი ნახევარმთვარის განცხადებით, პოლიციამ მანათობელი ხელყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგადაც 7 პალესტინელი დაშავდა.
ისრაელის პოლიციაში განმარტავენ, რომ იძულებულები გახდნენ მეჩეთის ტერიტორიაზე შესულიყვნენ, სადაც პიროტექნიკით, ჯოხებითა და ქვებით აღჭურვილი ნიღბიანი აგიტატორები იყვნენ გამაგრებული.
„როდესაც პოლიცია შევიდა, მათ ქვები დაუშინეს და მეჩეთის შიგნიდან აგიტატორების დიდმა ჯგუფმა პიროტექნიკა ისროლა“, - ნათქვამია განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა.
ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ინციდენტის შემდეგ ღაზიდან ისრაელის მიმართულებით ცხრა რაკეტა გაისროლეს. მათი ინფორმაციით, ხუთი რაკეტა მოიგერიეს, ხოლო ოთხი ღია ტერიტორიებზე ჩამოვარდა.