გუშინ ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო. რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა. მან რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა.
საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, კოსტა რიკისა და ლიეტუვის დელეგაციებმა და საბჭოს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
ადამიანის უფლებათა საბჭო რეზოლუციაში კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის ფაქტების თაობაზე და მოითხოვს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას.