სასტუმრო "ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ბრალდებით დაკავებულ ანზორ ლომიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეუფარდა. ბრალდების მხარის შუამდგომლობას პატიმრობის შეფარდების შესახებ არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე. ადვოკატის თქმით, ანზორ ლომიძეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ვერ აღიქვამს მოვლენებს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შესაბამის სტაციონარში უნდა მოთავსდეს.
სასტუმროს მესაკუთრის ბუბა ქებურიას ვაჟი ბიზნესმენი თოშა ქებურია სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელშიც წერს, რომ დაზიანებული შენობის რეაბილიტაცია დაწყებულია და "ამბასადორი" სტუმრების მიღებას უახლოეს მომავალში შეძლებს.
"2023 წლის 31 მარტი იყო, დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება. საშინელი გრძნობაა, როდესაც ხედავ, როგორ შლის ცეცხლი იმას, რასაც ადამიანები წლების განმავლობაში აშენებდნენ და ვერაფერს აკეთებ, გარდა ყურებისა. როგორც ყველამ გაიგეთ, "ამბასადორი თბილისში" განზრახ გააჩინეს ხანძარი, რომელმაც "ძველი შენობა“ დააზიანა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. მინდა მადლობა გადავუხადო "ამბასადორის" გუნდს, რომ ასეთ კრიტიკულ მომენტში ხალხის სწრაფი ევაკუაცია შეძლეს. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ყველაფერი გააკეთა ხანძრის ჩასაქრობად. ჩვენ უკვე ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ძალიან მალე, ამბასადორი ისევ გიმასპინძლებთ განახლებულ “ძველ შენობაში”, - წერს ქებურია "ინსტაგრამში".