ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურის ბოლო მატჩი "მესტალიაზე" გაიმართა, სადაც გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ რაიო ვალეკანოს უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. მე-9 წუთზე ცენტრალურმა მცველებმა ქართველ გოლკიპერს სანტი კომესანა შეატოვეს და მადრიდელთა ნახევარმცველსაც ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია, გიორგი ბურთს კი შეეხო, მაგრამ ვალენსიას კარი გოლისგან ვერ იხსნა. ვალენსიამ 81-ე წუთზე გაათანაბრა, მას მერე, რაც სტუმრებმა საჯარიმოში ხელით ითამაშეს, ჯასტინ კლუივერტმა ოსტატურად შეასრულა პენალტი, თუმცა ეს ყველაფერი კინაღამ წყალში ჩაიყარა, 88-ე წუთზე სალვადორ სანჩესს (იგივე სალვი) გოლი გაჰქონდა, რომ არა 22 წლის ქართველი მეკარის თავგანწირული ნახტომი, მამარდაშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. რაიოს ფეხბურთელებს მატჩში კარში ზუსტად მეტჯერ არც დაურტყამთ. ვალენსიას 27 მატჩის შემდეგ მხოლოდ 27 ქულა აქვს და მე-17 პოზიციაზეა, თუმცა ამდენივე ქულა აქვთ გასავარდნ ზონაში მყოფ ესპანიოლსა და ალმერიასაც. 9 აპრილს "ღამურები" სწორედ ალმერიას ესტუმრებიან.