„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ანზორ ლომიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელიც მომხდართან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას იყენებს.
მან პროცესზე, მოსამართლის კითხვის საპასუხოდ თქვა მხოლოდ ის, რომ დაამთავრა მხოლოდ სკოლა, წარსულში ცხოვრობდა თემქაზე, თუმცა ახლა საცხოვრებელი არ აქვს.
დაკავებულთან მიმართებით, აღკვეთის ღონისძიების სახით, ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურორ ალინა კუკავას თქმით, „ბრალდებული ხანდახან აგრესიულად გამოიყურება“. მისივე განმარტებით, ბრალდებულის მშობელიც ამბობს, რომ მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და მედიკამენტებს არ იღებდა.
ბრალდების მხარის შუამდგომლობას პატიმრობის შეფარდების შესახებ არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე. ადვოკატის თქმით, ანზორ ლომიძე ვერ აღიქვამს მოვლენებს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შესაბამის სტაციონარში უნდა მოთავსდეს.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი მალევე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცმა, რომელიც სასტუმროში სტუმრად იმყოფებოდა, ხანძარი გააჩინა, რაც სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.