ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა წელს თავისი ტერიტორიიდან მთელ რუსულ ძალებს განდევნის, - ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა.
„არ მგონია, რომ ეს უახლოეს პერსპექტივაში, წელს განხორციელდეს. ზელენსკიმ საჯაროდ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის მიზანია რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან ყველა რუსის გაძევება და ეს მნიშვნელოვანი სამხედრო ამოცანაა. ძალიან, ძალიან რთული სამხედრო ამოცანა. ხედავთ, რომ რამდენიმე ასეული ათასი რუსი ჯერ კიდევ იმყოფება რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე. მე არ ვამბობ, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, მე უბრალოდ ვამბობ, რომ ეს ძალიან რთული ამოცანაა“, - განაცხადა გენერალმა მარკ მილიმ.
კითხვაზე, მიაწვდის თუ არა შეერთებული შტატები უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის რაკეტებს? - აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ შეერთებული შტატები ATACMS-ის რაკეტების მიწოდებას არ გეგმავს, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარების სხვა შესაძლებლობებს განიხილავს.
„ATACMS-ის დიაპაზონი დიდია, მაგრამ არის სხვა სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ იგივე დიაპაზონის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა.
მისივე თქმით, არსებობს მსგავსი შესაძლებლობების დრონები და რომ „ბრიტანელებს არაერთი სისტემა აქვთ“.