Twitter-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა სოცქსელის ფასიანი ფუნქციის Twitter Blue მუშაობის ცვლილების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 15 აპრილიდან ძირითად ფიდში გამოჩნდება მხოლოდ ვერიფიცირებული ანგარიშების ტვიტები, რომელთა მფლობელებიც ყოველთვიურად იხდიან ამ სერვისის საფასურს. ამასთან, გამოკითხვებში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ ფასიანი ანგარიშების მფლობელები შეძლებენ. ამ მომენტისთვის, ვერიფიკაციის ლურჯი ნიშნის საფასური თვეში 7 დოლარს შეადგენს.
უფასო ანგარიშებიდან გამოქვეყნებული ტვიტები რეკომენდებული ტვიტების ფიდში არ აისახება.
მასკის თქმით, ახალი წესები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მომუშავე ბოტებთან ბრძოლის ერთადერთი ქმედითი საშუალებაა
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს წაგებული ბრძოლაა“, - დაწერა მასკმა.
მისივე განმარტებით, რომ ფასიანი ვერიფიკაცია მნიშვნელოვნად აძვირებს ბოტების გამოყენების საფასურს და მათ გამოაშკარავებას ამარტივებს.
მანამდე ლურჯი ნიშანი ანგარიშის ავთენტურობას აღნიშნავდა. Twitter-ი მას უფასოდ ანიჭებდა მომხმარებლებს, თუმცა თავად ირჩევდა ვინ ისარგებლებდა ამ სტატუსით. ახლა კი ვერიფიცირებული ანგარიშების მფლობელებს სტატუსის შესანარჩუნებლად საფასურის გადახდა მოუწევთ.