ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს იმაში, რომ ეს ქვეყანა გზაჯვარედინზეა, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტს პარლამენტში "ძალიან ძლიერი" გამოსვლა ჰქონდა.
„პირადად მოვუსმინე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას. ძალიან ძლიერი გამოსვლა იყო, ძალიან ემოციური. გამოსვლა კონცენტრირდა საქართველოს მისწრაფებაზე გახდეს ევროკავშირის წევრი. რა თქმა უნდა, მე ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს იმაში, რომ ეს ქვეყანა გზაჯვარედინზეა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება.
იმედი მაქვს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ მის გზაზე წინ წაიწევა, მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამისთვის ყველას ჩართულობა გვჭირდება, ეროვნული კონსენსუსი გვჭირდება, ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება გვჭირდება, რომ ერთად იმუშაონ ინკლუზიურ და კონსტრუქციულ გარემოში, რათა მოახდინონ 12 პრიორიტეტის იმპლემენტაცია.
ჯერ კიდევ არის დრო ამის გასაკეთებლად და როგორც რამდენჯერმე ვთქვი, ევროკომისია პროცესს ოქტომბერში შეაფასებს და შემდეგ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო კოლექტიურად გადაწყვეტენ სამომავლო ნაბიჯებს წლის ბოლოსკენ. მივესალმე პრეზიდენტის სურვილს იყოს ჩართული და იყოს ამ ძალისხმევის ნაწილი. ყველა უნდა იყოს ჩართული: მთავრობა, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ყველანაირად მხარს დავუჭერთ ასეთ მცდელობებს, რათა გავზარდოთ 27 წევრი სახელმწიფოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შანსები,” - განაცხადა ჰერჩინსკიმ.