ინგლისელი მსახიობი ბელა რემზი წლევანდელი წლის ამომავალ ვარსკვლავად იქცა. იმის მიუხედავად, რომ რემზის Game of Thrones-ის ფანები წლებია, კარგად იცნობენ, ახალგაზრდა მსახიობს საყოველთაო პოპულარობა HBO-ის კიდევ ერთ გახმაურებულ სერიალში, The Last of Us, მონაწილეობამ მოუტანა.
უკანასკნელ ჩვენგანში 19 წლის ბელამ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ელი, განასახიერა. თუმცა, მისი სამსახიობო დებიუტი ჯერ კიდევ 2007 წელს შემდგარა, როცა 4 წლის რემზი სკოლამდელი სასწავლებლის სცენაზე დადგა.
მაგრამ, როგორც ჩანს, ჰოლივუდის ინდუსტრიაში ბავშვებიც კი არ არიან დაცულები სილამაზის არარეალისტური და დრომოჭმული სტანდარტების გავლენისგან. სულ ცოტა ხნის წინ ბელამ გაიხსენა, თუ როგორ დაიწუნეს როლზე მხოლოდ მისი გარეგნობის გამო.
"ჩემს ერთ-ერთ პირველ კასტინგზე მითხრეს, რომ რეჟისორს ძალიან მოვეწონე, მაგრამ [პროექტში] მონაწილეობას მაინც ვერ მივიღებდი, რადგან 'არაჰოლივუდური გარეგნობა' მქონდა", — იხსენებს რემზი, — "ძალიან საინტერესო მგონია ეს".ინტერვიუდან ეს ნაწყვეტი ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა. ინტერნეტმომხმარებლები უკმაყოფილოდ აღნიშნავდნენ, თუ რა გავლენა ექნებოდა მომხდარს მომავალ მსახიობზე.
"წარმოიდგინეთ, 6 თუ 7 წლის რომ ხართ და ამას გეუბნებიან", — დაწერა ტვიტერზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა, — "ძალიან სევდიანი ამბავია".
ფანებმა ასევე გააკრიტიკეს ჰოლივუდური ტენდენცია, როცა ნიჭიერი მსახიობი მისი გარეგნობის გამო შეიძლება დაიწუნონ. ამასთან, ზოგმა აღნიშნა, რომ ვარსკვლავებსაც კი მუდმივად უხდებათ, "ჰოლივუდური გარეგნობის" ჩარჩოს მოერგონ, რომელიც უკიდურესად ვიწრო და არაინკლუზიურია.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ბელა რემზიმ არსებულ უარყოფით ტენდენციებზე ღიად ისაუბრა. მსახიობმა, რომელიც წლის დასაწყისში გენდერფლუიდად დაქამინგაუთდა, წინათ ასევე აღნიშნა, რომ ლგბტქ პერსონაჟებისადმი მაყურებლის ნეგატიური დამოკიდებულება არ აშინებს.
სხვათა შორის, The Last Of Us-ის მეორე სეზონში, რომელიც უკვე დამტკიცდა, რემზის პერსონაჟი გაზრდილია. თუმცა, ამის მიუხედავად, სერიალის გაგრძელებაში ელის მაინც ბელა განასახიერებს