ტოსკანა ცენტრალური იტალიის გამორჩეული რეგიონია, რომელიც ულამაზესი პეიზაჟებით, უგემრიელესი სამზარეულოთი და საუკეთესო ღვინოებითაა ცნობილი. გარდა ამისა, აქ არქიტექტურისა და ისტორიის თვალსაზრისითაც უამრავი საინტერესო ადგილი მდებარეობს და სამეცანოს ციხე - ტოსკანის უცნობი მარგალიტი - ერთ-ერთი მათგანია.
სამეცანოს ციხეს (Castello di Sammezzano) ფლორენციიდან 30 კილომეტრში, ქალაქ ლეციოს მახლობლად ნახავთ.
იტალიისთვის უჩვეულო, მავრიტანული სტილის სასახლე თვალისმომჭრელად ლამაზია და დანახვისთანავე მოგხიბლავთ.
ციხესიმაგრის დიდი და პატარა ოთახების შეერთების ადგილას უამრავი ნიშა, საიდუმლო კუთხე და ფართო გალერეაა. ფანჯრები, სვეტები, ლაბირინთები, თაღები, გუმბათები და ისევ გუმბათები - შეიძლება თავბრუ დაგესხას.. აქ ერთი ოთახი მეორეს არ ჰგავს, განსაკუთრებულია და დახვეწილობით გამოირჩევა.
ციხესიმაგრეში, წელიწადის დღეების მსგავსად, 365 ოთახია და ყოველი მათგანი თავისი დიდებულებით გაოცებს: თეთრი დარბაზი, შროშანების დარბაზი, ფარშევანგების დარბაზი...
თეთრი დარბაზი მაქმანებიან საქორწილო კაბას, მისი ჭერი კი უიშვიათესი სილამაზის ფიფქს წააგავს. ფარშევანგების დარბაზი ნამდვილი მიწიერი სამოთხეა! მისი ფერადი კომპოზიცია საოცარი ფრინველის ათასფრად მოლივლივე კუდს მოგაგონებთ, ხოლო ჭერზე ულამაზესი ორნამენტები გადაშლილა.
სამეცანოს ციხე 780 წელს აშენდა! საუკუნეების მანძილზე ის იმპერატორებსა და მეფეებს ეკუთვნოდა.