რუსეთი მავნე აქტივობებს ახორციელებს საქართველოში, მათ შორის დეზინფორმაციას და ამას აქვს ქვეყანაზე გავლენა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, რობინ დანიგანმა სენატში გამართულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, თვალს ადევნებდა საქართველოში “უცხოური გავლენის” კანონის მიერ გამოწვეულ პროტესტს.
„ვფიქრობ, ისინი ასახავდნენ ქართველი ხალხის სურვილს იყვნენ მტკიცედ ინტეგრირებულნი დასავლეთთან და ევროკავშირთან. ქართველი ხალხის ამ გზისადმი ერთგულებას კვლავ და კვლავ ვხედავთ და ვფიქრობ ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის, რომ გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა ამ გზაზე.
მჯერა, რომ რუსეთი მავნე აქტივობებს ახორციელებს საქართველოში, მათ შორის დეზინფორმაციას და ამას აქვს ქვეყანაზე გავლენა. ამიტომ ვფიქრობ, მათთვის რეფორმების იმპლემენტაციაში ჩვენი დახმარება ასეთი საკვანძოა.
ევროკავშირმა 12 რეფორმა გამოაქვეყნა, რომელიც საქართველომ უნდა გაატაროს რათა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. თუ დამამტკიცებენ, [საქართველოს] მთავრობასთან მჭიდროდ ვიმუშავებ, რათა დავეხმარო ამ რეფორმების იმპლემენტაციაში”, - განაცხადა დანიგანმა.