იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში ბადრი ესებუა თავს დამნაშავედ ცნობს და ბრალს აღიარებს. ამის შესახებ მან ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სხდომაზე განაცხადა. კერძოდ, საუბარია დაკავების დროს წარდგენილ ბრალდებაზე.
მოსამართლის კითხვაზე, რომელიმე უფლება ხომ არ დარღვეულა მის მიმართ, ესებუამ უპასუხა, რომ არ დარღვეულა.
"დიახ, თავს დამნაშავედ ვცნობ", - განაცხადა ესებუამ.
ამასთან, დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ყველა მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, რის შემდეგაც საქმის არსებითი განხილვის დაწყების ვადად 5 აპრილი განისაზღვრა.
ბრალდების ამ ეპიზოდზე განაჩენი სწორედ ხუთ აპრილს უნდა დადგეს. საუბარია 8 თებერვლის ეპიზოდზე, როცა ,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისთვის ძებნილი ბადრი ესებუა ჯიხაშკარში დააკავეს.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.