კერძო სახლებსა და მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა იზრდება. ქალაქთან ახლოს, მაგრამ მშვიდ და სუფთა გარემოში - ტენდენცია, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, არ შეცვლილა. შესაბამისად, დედაქალაქში მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობების ფონზე, თბილისის შემოგარენში სახლებსა და მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნაც მატულობს.
წლებია იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც საკუთარი გემოვნებით, ნულიდან სურთ სახლის აშენება ქალაქის ხმაურისგან მოშორებით. მოსახლეობა ქალაქგარეთ უძრავი ქონების შეძენას მეტი კომფორტისთვის, ჯანსაღი გარემოსა და დედაქალაქთან სიახლოვის გამო ირჩევს. ამასთან, გამოიკვეთა ის სოფლები და დასახლებები, სადაც უძრავი ქონების შეძენაზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა.
ბოლო პერიოდში ყველაზე პოპულარულია წყნეთი, წავკისი, კოჯორი, სოფელი დიღომი და საგურამო. SS.GE-ს მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს მასშტაბით კერძო სახლებისა და მიწის ნაკვეთების შეძენაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
კერძოდ, მათი ინფორმაციით, მიწის ნაკვეთებზე საშუალოდ ზრდა არის 66%, ხოლო კერძო სახლებზე 70%. ამასთან, ss.ge-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 3 თვეში საიტზე კერძო სახლის შეძენით საშუალოდ 1 მილიონ ადამიანამდე ინტერესდებოდა, ხოლო მიწის ნაკვეთით ნახევარ მილიონზე მეტი.
SS.GE-ს სტატისტიკით, თუ 2022 წლის მარტში თბილისის შემოგარენში კერძო სახლების შეძენის მსურველი იყო 703 544 ადამიანი, წელს მარტში კი ეს მაჩვენებელი 917 396-მდე გაიზარდა. რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს, ამ შემთხვევაშიც ზრდა მნიშვნელოვანია, კერძოდ, 2023 წლის მარტში შეძენის მსურველი იყო 555 845 ადამიანი, 2022 წლის მარტში კი 311 617.