2 თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის 85%-ზე მეტი რუსეთიდან შემოვიდა. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი შემცირდა - ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცლებს.
წლის პირველ ორ თვეში, საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 174 ათას ტონაზე მეტი შეადგინა, რაც თითქმის რვანახევარი ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. კატეგორიების მიხედვით თუ ვნახავთ, წლის ამ პერიოდში ყველაზე დიდი რაოდენობით A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი შემოვიდა, მეორე პოზიციაზეა - A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი, მესამეზე კი A-98 სუპერი ტიპის ბენზინი.
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 148,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 85,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი, ბელარუსი, თურქმენეთი, უკრაინა და ბულგარეთი.