„მელომანები, რომლებიც სოლიდურ თანხას იხდიან ჩანაწერების შეძენაში, ბრიყვები არ არიან, კარგად იციან რაში ხარჯავენ ფულს და რადგან ჩემს ალბომებს ყიდულობენ, ე.ი. მე ვიმსახურებ მათ პატივისცემას“, - აღნიშნა ბრწყინვალე შემსრულებელმა არეტა ფრანკლინმა, რომელმაც მძლავრი და საოცრად მოქნილი ვოკალის წყალობით დაიმსახურა „სოულის დედოფლის“ ტიტული. 1987 წელს ფრანკლინი პირველი ქალი მომღერალი გახდა, ვისი სახელიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში მოხვდა, 2008 წელს კი, ლიდერის პოზიციით შევიდა ჟურნალ Rolling Stone-ის „ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლების ნუსხაში“.
„ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან - ისინი, ვინც ყველაფერი კარგი წარსულში დატოვა და ისინი, ვისაც ჯერ კიდევ წინ აქვს საუკეთესო. მე მეორე კატეგორიას მივეკუთვნები“, - შენიშნა მუსიკოსმა ერთ-ერთ ინტერვიუში და არ იცრუა, რადგან როცა მისი ასაკის მუსიკოსებმა კარიერა დაასრულეს, ენერგიით სავსე ფრანკლინმა ენთუზიაზმით გააგრძელა მუშაობა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი პროფესიონალიზმი.
სოულის მომავალი დედოფალი 1942 წლის 25 მარტს დაიბადა მემფისში ბაპტისტი პასტორისა და მედდის ოჯახში. მართალია კლარენს ფრანკლინი საოცრად კეთილი და გულისხმიერი ადამიანი იყო, მაგრამ ბარბარასთვის მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა მის გვერდით ცხოვრება და ოჯახური პრობლემებით მოქანცულმა მეუღლესთან ერთად ხუთი შვილიც მიატოვა.
სწორედ მამამ აღმოაჩინა არეტას არაჩვეულებრივი მუსიკალური ნიჭი და 10 წლის გოგონას საეკლესიო გუნდში შესთავაზა შესაძლებლობების მოსინჯვა. იშვიათი სითამამითა და გამბედაობით გამორჩეული არეტა სიამოვნებით დათანხმდა მამის შეთავაზებას და პირველსავე გამოსვლის შემდეგ შეიძინა თაყვანისმცემლები. მეტიც, კლარენსის გულწრფელი, საოცრად ემოციური ქადაგების მიუხედავად, სწორედ არეტას მოსასმენად იკრიბებოდა ეკლესიაში მრევლი.
1956 წელს არეტამ 4500 მსმენელის წინაშე შეასრულა გოსპელი Dear God და მუსიკალური ლეიბლის Motown-ის პროდიუსერი ჯონ ჰემონდი აღაფრთოვანა, რომელმაც 13 წლის ფრანკლინს ჯერ სადებიუტო ალბომის ჩაწერა შესთავაზა, მერე ხმისჩამწერ სტუდიასთან Columbia Records-თან კონტრაქტის გაფორმებაში დაეხმარა.
მართალია, სადებიუტო ალბომი The Gospel Soul of Aretha Franklin, რომელმაც 9 კომპოზიცია გააერთიანა და მოგვიანებით რამდენჯერმე გამოიცა, წარმატებული სტარტი უნდა გამხდარიყო ფრანკლინისთის, მაგრამ მოზარდ არეტას დროებით მუსიკალურ კარიერაზე უარის თქმა მოუხდა, რადგან 14 წლისას პირველი შვილი შეეძინა, 17 წლისა კი, უკვე ორ შვილს ზრდიდა. თუმცა, მომავალმა სუპერვარსკვლავმა არ მოინდომა მუსიკაზე უარის თქმა, დიასახლისის, მარტოხელა დედის როლს მორგება და შვილებზე მეურვეობის უფროსი დისთვის გადაბარების შემდეგ ნიუ-იორკში გაემგზავრა.
სწორედ ნიუ-იორკში გაიცნო ფრანკლინმა უძველესი და უმსხვილესი ლეიბლის Columbia Records-ის მესვეურები, ვისთანაც დაუფიქრებლად გააფორმა კონტრაქტი, თუმცა გარიგებამ არ გაამართლა, რადგან დამოუკიდებლად განვითარებისა და ინდივიდუალური სტილის ჩამოყალიბების ნაცვლად, Columbia-ს პროდიუსერებმა პრაქტიკულად აიძულეს ახალბედა მომღერალს საკუთარი რეპერტუარით მუშაობა, რაც საბოლოო შედეგზეც ნეგატიურად აისახა. 1960-1966 წლებში ჩაწერილ 10 ალბომს კრიტიკოსებმა ბანალური, კომპოზიციებს კი, უშინაარსო და გულუბრყვილო უწოდეს.
1966 წელს, Columbia-სთან კონტრაქტის გაუქმების და ჯარიმად უზარმაზარი ვალის დადების შემდეგ, ფრანკლინმა Atlantic Records-ში გადაინაცვლა. მართალია, ახალ ლეიბლთან თანამშრომლობა არეტასთვის ბევრად მომგებიანი აღმოჩნდა, რადგან სწორედ მისთვის ჩვეულ - სოულისა და ბლუზის ჟანრში გეგმავდა პროდიუსერი ჯერი უექსლერი რამდენიმე ალბომის ჩაწერას, მაგრამ ნიჭიერ მომღერალს ისევ არ გაუმართლა, რადგან ერთ-ერთი სტუდიური სესიის დროს მის მეუღლეს ტედ უაითს, რომელიც მენეჯერის ფუნქციასაც ასრულებდა, სერიოზული კამათი მოუვიდა სტუდიის მუსიკოსთან, რაც მალე ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. ალკოჰოლით გაბრუებული უაითის ქცევა სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა უიქსლერისთვის, რომელმაც ცხვირწინ მიუხურა კარი ფრანკლინს.
ყველასთვის მოულოდნელად Atlantic-ში ჩაწერილი ერთადერთი კომპოზიცია I Never Loved a Man (the Way I Love You) სწრაფად იქცა ჰიტად, რამაც არეტა ალბომის დასრულებასა და არჩეული გზის მართებულობაში დაარწმუნა. აღსანიშნავია, რომ სწორედ 1967 წელს გამოსული ამავე სახელწოდების ალბომი დაწინაურდა მეორე პოზიციით ნაციონალურ ჩარტში და ფრანკლინის პირველ ნამდვილ წარმატებად იქცა, კომპოზიცია Respect კი, დღემდე მის სავიზიტო ბარათად ითვლება. მართალია, სიმღერა ოტის რედინგმა სხვა მომღერლისთვის დაწერა, მაგრამ სწორედ ფრანკლინის შესრულებით იქცა ჰიტად. მეტიც, Respect არა მხოლოდ ფემინისტური მოძრაობის არაოფიციალური ჰიმნი გახდა, არამედ „გრემის“ პირველი პრემიაც მოუტანა მუსიკოსს რიტმ-ენდ-ბლუზის საუკეთესო ვოკალისტი ქალის ნომინაციაში.
1966-1970-იან წლებში ფრაკლინმა 10 დისკი ჩაწერა ცნობილი ალბომის Lady Soul-ის ჩათვლით, რომელიც ჟურნალმა Rolling Stone-მა 2003 წელს „ყველა დროის უდიდესი ალბომების ნუსხაში“ შეიტანა. თუმცა, 70-იანი წლების პოპულარობას სერიოზული შემოქმედებითი კრიზისი მოჰყვა, რაც მეტწილად პირად ცხოვრებაში შექმნილმა უსიამოვნებებმა განაპირობა - 1984 წელს არეტამ ჯერ მამა დაკარგა, მერე განქორწინების ხანგრძლივი პროცესი წამოიწყო მეორე ქმართან გლინ ტერმენთან.
ერთგვარ გადარჩენად ფრანკლინისთვის კომედიური მიუზიკლი „ძმები ბლუზები“ იქცა, რომელშიც მეგობრებთან - რეი ჩარლზთან, ჯეიმს ბრაუნსა და კებ კელოუეისთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მუსიკოსმა ტოლი არ დაუდო პროფესიონალ მსახიობებს და იმდენად მარტივად მოირგო გადასაღებ მოედანს, რომ 2000 წელს ფილმის მეორე ნაწილშიც სიამოვნებით შეასრულა მისის მერფის როლი.
1980-იანი წლების ბოლოს ფრანკლინმა ინტერესი დაკარგა სოლო ალბომების მიმართ და შემოქმედებით დუეტებში მოსინჯა მუშაობა. მართალია მუსიკოსმა მეტად ნაყოფიერი კოლაბორაცია შექმნა ფრენკ სინატრასთან, უითნი ჰიუსტონთან და მერი ჯეი ბლეიჯთან, ენი ლენოქსთან, მერაი ქერისთან და კრისტინა აგილერასთან, მაგრამ ყველაზე წარმატებული მაინც 1986 წელს ჯორჯ მაიკლთან ერთად ჩაწერილი სიმღერა I Knew You Were Waiting აღმოჩნდა, რომელმაც რამდენიმე კვირის მანძილზე შეინარჩუნა Billboard Hot 100-ის ლიდერობა. აღსანიშნავია, რომ ერთობლივი კომპოზიციები ნაკრებში Jewels in the Crown: All-Star Duets with the Queen გაერთიანდა და 2007 წელს დამოუკიდებელ ალბომად გამოიცა.
საერთო ჯამში „სოულის დედოფალმა“, რომელიც 2018 წელს გარდაიცვალა, „გრემის“ 44 ნომინაციას და 18 პრემიას მოუყარა თავი, მისი ალბომები კი, დღემდე მილიონობით ეგზემპლარად იყიდება. ამასთანავე, ფრანკლინი ამერიკის უმაღლესი ჯილდოს - პრეზიდენტის თავისუფლების მედლის და საკუთარი ვარსკვლავის მფლობელია ჰოლივუდის დიდების ხეივანში.